კვარაცხელია: სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ, სპალეტი დიდებული მასწავლებელია!

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელი იტალიურ „ნაპოლის" ბათუმის „დინამოდან" შეუერთდა. ხვიჩა კვარაცხელიამ „აძურისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 77-ნომრიან მაისურს მოირგებს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემა Il Mattino di Napoli-სთან მის სამომავლო გეგმებსა და კლუბ „ნაპოლიში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.
ინტერვიუში 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა განსაკუთრებული ყურადღება კლუბში არსებულ გარემოსა და ადაპტაციის პერიოდზე გაამახვილა. როგორც ახალგაზრდა ტალანტმა აღნიშნა, „ნაპოლის" მთავარი მწვრთნელით ლუჩანო სპალეტით მოხიბლულია.

„ლუჩანო სპალეტი დიდებული მასწავლებელია. ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის და მიხარია იმის დანახვა, რომ ყველა ფეხბურთელი ბევრს სწავლობს მისგან", – აღნიშნა კვარაცხელიამ.

ქართველმა ფეხბურთელმა ასევე ენობრივ ბარიერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიური ენის შესწავლა უკვე დაიწყო.
„აქ მითხრეს, ჯერ ნეაპოლური უნდა ისწავლო და შემდეგ იტალიურიო. გუნდში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. გარდა ამისა, იტალიური კერძების მომზადებაც ვისწავლე", – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
კვარაცხელიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო. როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა იტალიურ გუნდში ტრანსფერზე დიდი გავლენა იქონია და ქართველი შემტევი „ნაპოლისგან" მიღებულ პირველივე შეთავაზებაზე დაუფიქრებლად დათანხმდა. მას ასევე ჰკითხეს, თუ რომელ პოზიციაზე ურჩევნია თამაში:

„ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა გარემარბია, მაგრამ „ნაპოლის" სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ. ვცდილობ ყველა შემტევ პოზიციას შევეგუო. სტანდარტულებს სიამოვნებით ვასრულებ, მაგრამ დავინახე, რომ „ნაპოლიში" სხვაც ბევრი კარგი დამრტყმელია. ასე რომ, მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ შეასრულებს სტანდარტულებს. თუ მე ვიქნები, ძალიან გამიხარდება", – თქვა კვარაცხელიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის" რიგებში თერთმეტმეტრიანების პირველი შემსრულებელი იქნება.
ქართველი ფეხბურთელი იტალიურ „ნაპოლის" ბათუმის „დინამოდან" შეუერთდა. კვარაცხელიამ „აძურისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 77-ნომრიანი მაისური მოირგო. იტალიური კლუბის პირველი შეკრების დროს ჩატარებულ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ხვიჩამ სამი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მეტი გოლის მოლოდინში! - „ნაპოლიში" პენალტებს კვარაცხელია შეასრულებს>>
აღსანიშნავია, რომ სპალეტის გუნდმა დი მაროდან უკვე ორი დღეა კასტელ დი სანგროში გადაინაცვლა, სადაც 6 აგვისტომდე დარჩება და ოთხ ტესტ-მატჩს ჩაატარებს: „ადანა დემირსპორთან" (27 ივლისი), „მალიორკასთან" (31 ივლისი), „ჟირონასთან" (3 აგვისტო) და „ესპანიოლთან" (6 აგვისტო).
სერია A-ს პირველი ტური 14 აგვისტოს გაიმართება. ამ დღეს „ნაპოლი" სტუმრად „ვერონას" დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0