საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგულატორის უმნიშვნელოვანეს ამოცანაზე ისაუბრა

© National Bank of Georgiaკობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება, გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა, განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, განაცხადა რეგულატორის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას, ასევე ფინანსურ ანგარიშგებას, რომელსაც აუდიტი ჩაუტარდა.
გვენეტაძის სიტყვებით, ფინანსური სტაბილურობა ის უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაზეც ეროვნულ ბანკია პასუხისმგებელი და რომელიც ყველაზე მეტადაა მგრძნობიარე არაპროგნოზირებადი გარემოსა და ფაქტორების მიმართ.

„გადაწყვეტილებები, რომლებიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ ვითარების შესაფერისი იყო, ანუ არ იყო რადიკალური – ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი, ისე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესს არ დასწოლოდა, მაგრამ ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა მაინც შენარჩუნებულიყო“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს ეროვნული ბანკი გავიდა ეტაპზე, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია, ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით.
„აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკითხების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში გაიზარდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. 2020 წელს განვითარებულმა პანდემიამ და შედეგად წარმოქმნილმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძე: მაღალი დოლარიზაცია ხელს გვიშლის>>
ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს.
„ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად საფინანსო სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტება პანდემიის პირობებშიც განაგრძო“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პანდემიამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის კუთხით დაწესებულმა მოთხოვნებმა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედებამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების თანმიმდევრულად გატარებამ ხელი შეუწყო აქტივების სტაბილურ ხარისხსა და კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვებას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება, გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა. ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, სარეიტინგო კომპანიები და სხვა“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზედიზედ უკვე მეოთხედ 2021 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა.
კობა გვენეტაძე: საქართველოს ერთდროულად მრავალ გამოწვევასთან უწევს გამკლავება>>
„ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახალ პროგრამასთან დაკავშირებით გამოცემულ პრეს-რელიზში აღნიშნავს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად მართებულად ფოკუსირებული რჩება და ამ თვალსაზრისით მიმდინარე და მომავალ წელს მნიშვნელოვან პროგრესს მოველით, რადგანაც ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი გლობალური ფაქტორები მიილევა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
პროდუქტები თაროებზე სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
კობა გვენეტაძე მაღალ ინფლაციასთან ბრძოლის ზომებზე
ეჭვგარეშეა, რომ 2021 წელი საკმაოდ რთული წელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიმუშავეთ რეფორმებზეც, ნაწილი დავიწყეთ, ნაწილი დავაანონსეთ და ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევაა არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთლიანად საფინანსო სექტორისთვის, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც მას გააჩნია, რათა საზოგადოებას ბოლო პერიოდის შოკების შედეგად მიღებული მაღალი ინფლაციის ტვირთი შეუმსუბუქოს.
ყველა ახალი ამბავი
0