გარე მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს

© photo: Sputnik / Stringerგარე მოვაჭრეებისგან დაცლილი ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია
გარე მოვაჭრეებისგან დაცლილი ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
გარე მოვაჭრეებს გზა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. თბილისში „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეებმა საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით გზა გადაკეტეს.
დედაქალაქის მერია ქალაქის ქუჩებში გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. მოვაჭრეთა წინასწარი გაფრთხილების შემდეგ უწყების თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟს, გარე მოვაჭრეებს კი შეღავათიან პირობებში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებში გადასვლას სთავაზობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მერიის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და გარე მოვაჭრეების ჯიხურების აღება სცადეს.
გარე მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით გზა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი.
დედაქალაქის მერია გარე მოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს>>
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები ივლისის შუა რიცხვებში გაიტანეს.
ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეციალური ქაფით მორეცხეს ქუჩები და ტროტუარები. კერძოდ, ტერიტორია დასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე.
თბილისის მერია გარე ვაჭრობის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის. 2017 წლის მაისში მთელი თბილისის მასშტაბით უკანონო მოვაჭრეების წინააღმდეგ „რეიდები" ჩატარდა, რის შედეგადაც თბილისის ბევრ უბანში გარე ვაჭრობა აიკრძალა. თუმცა, 2018 წლიდან ქალაქის ქუჩებში გარე მოვაჭრეები ისევ გამოჩნდნენ.
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობა აიკრძალა>>
საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სათანადო ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით. გარე ვაჭრობის შეწყვეტის თაობაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ითვალისწინებს 50-დან 100 ლარამდე ჯარიმას ან 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0