ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობა აიკრძალა

© Tbilisi City Hall დეზერტირების ბაზართან დახლების დემონტაჟი განხორციელდა
 დეზერტირების ბაზართან დახლების დემონტაჟი განხორციელდა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
თბილისის იერსახის გალამაზების მიზნით შესაბამის სამსახურებს ქალაქის ქუჩებიდან უკანონოდ განთავსებული დახლები გააქვთ.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს, იუწყება თბილისის მერია.
მერია ქალაქის ქუჩებში გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. მოვაჭრეთა წინასწარი გაფრთხილების შემდეგ უწყების თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟს, გარე მოვაჭრეებს კი შეღავათიან პირობებში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებში გადასვლას სთავაზობენ.
ტერიტორია დასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეციალური ქაფით მორეცხეს ქუჩები და ტროტუარები.

„გარე მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აღნიშნავენ მერიაში.

თბილისის მერია გარე ვაჭრობის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის. 2017 წლის მაისში მთელი თბილისის მასშტაბით უკანონო მოვაჭრეების წინააღმდეგ „რეიდები" ჩატარდა, რის შედეგადაც თბილისის ბევრ უბანში გარე ვაჭრობა აიკრძალა. თუმცა, 2018 წლიდან ქალაქის ქუჩებში გარე მოვაჭრეები ისევ გამოჩნდნენ.
საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სათანადო ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით. გარე ვაჭრობის შეწყვეტის თაობაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ითვალისწინებს 50-დან 100 ლარამდე ჯარიმას ან 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0