დედაქალაქის მერია გარე მოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს

© photo: Sputnik / Stringerგარე ვაჭრობა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე
გარე ვაჭრობა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
თბილისის იერსახის გალამაზების მიზნით შესაბამის სამსახურებს ქალაქის ქუჩებიდან უკანონოდ განთავსებული დახლები გააქვთ.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია გარე მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელებისთვის ალტერნატიულ სივრცეებს სთავაზობს, განაცხადა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
გუშინ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და მეტროს სადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
დედაქალაქის მერის თქმით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარე მოვაჭრეებს მერიამ შესთავაზა, 10 დღის ვადაში ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ, რასაც ზოგიერთი მათგანი არ დათანხმდა.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინ არის, ვინც იქ დგას. ადამიანები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილიზებულ ფორმაში უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის გაკეთება. ჩვენ გარე მოვაჭრეებს საქმიანობის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გაგრძელების შესაძლებლობას ვაძლევთ“, – განაცხადა კალაძემ.

მერია ქალაქის ქუჩებში გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. მოვაჭრეთა წინასწარი გაფრთხილების შემდეგ უწყების თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟს, გარე მოვაჭრეებს კი შეღავათიან პირობებში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებში გადასვლას სთავაზობენ.
თბილისის მერია გარე ვაჭრობის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის. 2017 წლის მაისში მთელი თბილისის მასშტაბით უკანონო მოვაჭრეების წინააღმდეგ „რეიდები" ჩატარდა, რის შედეგადაც თბილისის ბევრ უბანში გარე ვაჭრობა აიკრძალა. თუმცა, 2018 წლიდან ქალაქის ქუჩებში გარე მოვაჭრეები ისევ გამოჩნდნენ.
საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სათანადო ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობა ისჯება 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით. გარე ვაჭრობის შეწყვეტის თაობაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ითვალისწინებს 50-დან 100 ლარამდე ჯარიმას ან 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0