ამუშავდება თუ არა წისქვილები საქართველოში - მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Sergey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიფქვილი
ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას წისქვილების გადარჩენის გეგმა შესთავაზა.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქართული წისქვილკომბინატების პრობლემებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება მტკივნეული მოსახლეობისთვის და არ გამოიწვევს პურის გაძვირებას, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
საქართველოში თითქმის ყველა წისქვილკომბინატი დაკეტილია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2021 წლის ივნისიდან მარცვლეულის ექსპორტზე მოძრავი ბეგარა დააწესა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას წისქვილების გადარჩენის გეგმა შესთავაზა.

„ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შეთანხმება მიღწეული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის მტკივნეული არ იქნება და პურის ფასს არ გაზრდის“, – განუცხადა შამუგიამ ჟურნალისტებს.

რა წინადადება აქვთ ხორბლის მწარმოებლებს
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას წისქვილების დახმარების ახალი გეგმა შესთავაზა: დააწესოს წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადის გადახდა ფქვილის იმპორტზე.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის შეთავაზებაა – ყოველთვიურად პირველი ხარისხის 7 ათასი ტონა საიმპორტო ფქვილის გათავისუფლება წინასაიმპორტო გადასახადისგან იმ პირობით, რომ პურის ქარხნები ამ ფქვილს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად გამოიყენებენ.
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში: ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტება>>
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს პურის ქარხნებს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად თვეში სწორედ 7.000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილი სჭირდებათ.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს ზომები წისქვილებს დაეხმარება, უზრუნველყონ სასურსათო უსაფრთხოება და პურის ღირებულების შენარჩუნება.

„ხორბლის საკითხთან დაკავშირებით წისქვილკომბინატებთან, ასოციაციასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ამ საკითხებზე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, პარალელურად იმ პროცესებს ვაკვირდებით, რომელიც ბაზარზე მიმდინარეობს“, – განაცხადა შამუგიამ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ცვლილებაა ხორბალზე ფასის შემცირების მიმართულებით. გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში ხორბლის მოსავალს იღებენ, რაც წისქვილებს ამუშავებაში დაეხმარება.
ნომერი პირველი პროდუქტი - როგორ შეიძლება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში>>
წლის განმავლობაში საქართველო მოიხმარს 700-800 ათას ტონა ხორბალს. ბოლო წლებში ქვეყანამ ხორბალი შეიძინა ყაზახეთისგან, უკრაინისგან, აშშ-სგან და რუსეთისგან. ამასთან, ამ უკანასკნელისგან საერთო რაოდენობის 70%, რადგან რუსული ხორბლის ფასი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის ზაფხულში ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბაზრებზე მატება დაიწყო და რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მოძრავი ბეგარა დააწესა, საქართველომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შეამცირა და გაზარდა ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტსაც რუსეთი არ ბეგრავს. შესაბამისად, გასულ წელს ხორბლის იმპორტის 30%-ზე მეტით შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყნის წისქვილების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა.
საქართველო ხორბლისა და ქერის ექსპორტს ერთი წლით აჩერებს>>
2022 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ რუსეთისგან 44,4 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, რაც 2021 წლის იანვარი–მაისის მონაცემზე 69,8%-ით ნაკლებია.
საქართველომ 2022 წლის იანვარი–მაისში შემოიტანა 63 ათას ტონაზე მეტი ფქვილი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 911%-ით მეტია. ფქვილის ძირითადი მომწოდებელი, ისევე, როგორც ხორბლის, კვლავ რუსეთია. მცირე რაოდენობით პროდუქცია შემოვიდა თურქეთიდან, ყაზახეთიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან და საფრანგეთიდან.
ყველა ახალი ამბავი
0