სუსმა სოსო გოგაშვილის ბრალდებები უარყო

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
ბრალდებული მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, მან არ გახსნა შესასვლელი კარი, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მის სახლში ჩხრეკამდე სუსის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ძალოვანებმა შესაბამის ზომებს მიმართეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მისი დაკავების სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გოგაშვილის თქმით, ის და მისი ოჯახი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ.

„იოსებ გოგაშვილი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.
სუსში ასევე განმარტეს, რომ გოგაშვილი დაკავებულია „გამოძიების ფარგლებში, რომელსაც გენინსპექცია აწარმოებს – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება, შენახვა, გავრცელება“, ასევე ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო >>
„ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.
„საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა >>
გოგაშვილმა მიმდინარე წლის 15 ივლისს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების მტკიცებულებები. ის ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისივე „გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეტენა“ მას, რასაც ამიერიდან აღარ დაუშვებს.
მეორე დღეს, 16 ივლისის საღამოს გოგაშვილი მის სახლში სპეცრაზმმა დააკავა.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა.
სოსო გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0