სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2022
გამოწერა
დაკავების დროს სამართალდამცავებმა სოსო გოგაშვილს სხეულის დაზიანებები მიაყენეს, აცხადებენ ბრალდებულის ოჯახის წევრები
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. იუწყებიან საგამოძიებო ორგანოში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილი შაბათს, 16 ივლისს დააკავეს. დაკავების სპეცოპერაციის კადრები, რომლებიც მისი მეუღლის გადაღებულია, სოციალურ ქსელში გავრცელდა. სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრების თქმით, დაკავებისას სამართალდამცავებმა მას სხეულის დაზიანებები მიაყენეს. მისი ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ გოგაშვილს აღენიშნება ტრავმები სახესა და სხეულზე, რის გამოც მათ სამედიცინო ექსპერტიზა მოითხოვეს.
იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. სუსიდან წასვლის შემდეგ გოგაშვილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა, სადაც მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს 2020 წელს სამსახურიც დატოვა.
რას ედავება პროკურატურა სოსო გოგაშვილს >>
გოგაშვილმა მიმდინარე წლის 15 ივლისს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების მტკიცებულებები. ის ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისსავე „გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეტენა“ მას, რასაც აწი აღარ დაუშვებს.
გოგაშვილის დაკავებამდე ორი დღით ადრე ტელეარხ „მაესტროზე“ გამოქვეყნდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარში“ სარედაქციო თათბირის აუდიოჩანაწერი.
აუდიოჩანაწერიდან, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გაკეთდა, ირკვევა, რომ გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია ორ ჟურნალისტთან და პროდიუსერთან ერთად გეგმავდა სიუჟეტს სპეცსამსახურების ინფორმატორების შესახებ. ამასთან, საუბარში ჟურნალისტები საკუთარ ინფორმატორს ასახელებდნენ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას მათ რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდიდა. ეს ინფორმატორი სოსო გოგაშვილი აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0