დაირღვა თუ არა კონფიდენციალობა? მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელევიზიაში ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ დეტალურად ისაუბრა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან საუბრის შესახებ თავის ხელმძღვანელობას აცნობა მას შემდეგ, რაც მასთან ჟურნალისტებმა დაიწყეს დარეკვა.
საუბარია ჩხიკვაძის შეხვედრაზე კევინ ბურკთან (რომელიც ქვეყანაში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით იმყოფება) გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე. როგორც ჩხიკვაძემ გასულ კვირაში განაცხადა, ბურკმა მას შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს.

„საელჩოს მხარისგან იყო შემოთავაზება, რომ ჩვენი შეხვედრა ყოფილიყო კონფიდენციალური. ჩვენი საუბრიდან ერთი საათის ფარგლებში სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი 20-მდე ჟურნალისტი დამიკავშირდა პირდაპირი შეკითხვით – „რატომ დაიბლოკეთ საელჩოს მხრიდან ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში?“ – განაცხადა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ თავისი ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენა.
„არ ვფიქრობ, რომ კონფიდენციალურობის დარღვევა იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამდენი ზარი განხორციელდა. ჩემი ინფორმაციით, ჩვენს ხელმძღვანელობასაც ჰქონდა კომუნიკაცია საელჩოს წარმომადგენლებთან“, – განაცხადა მოსამართლემ.
ჩხიკვაძის თქმით, ის ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო. ყველაფერი გაწერილი იყო. დანარჩენმა მოსამართლეებმა სოლიდარობის ნიშნად უარი თქვეს გამგზავრებაზე, როდესაც შეიტყვეს, რომ ჩხიკვაძე სიიდან იყო მოღებული.
გვარამიას საქმის მოსამართლემ სასამართლოზე ღია ზეწოლის შესახებ განაცხადა>>
„მოგვიანებით ასევე ჩემი კოლეგებისგან იყო შეთავაზება, რომ ის ჯგუფი იმ ფორმითა და შემადგენლობით წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო თხოვნა, თუმცა რაღაც ტექნიკურ დეტალებს დააბრალა საელჩომ, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.
მიუხედავად ამისა, მოსამართლის თქმით, საელჩომ ერთ დღე-ღამეში შეძლო აბსოლუტურად სხვა ჯგუფის ფორმირება და მათი წაყვანა შეერთებულ შტატებში. ჩხიკვაძის ვარაუდით, ჯგუფში ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ უფრო ადრე სასამართლოს შენობაში ბურკთან შეხვედრის კიდევ ერთ დეტალზე ისაუბრა. ჩხიკვაძის თქმით, საელჩოს თანამშრომელმა საუბრის დროს მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.
კელი დეგნანმა მოსამართლის სკანდალურ განცხადებას უპასუხა>>
ამის პასუხად აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ სასამართლო პროცესში ჩაერია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, აშშ ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
პირდაპირი პასუხი არ ყოფილა: მმართველი პარტია აშშ-ის ელჩის პასუხით უკმაყოფილოა>>
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0