გვარამიას საქმის მოსამართლემ სასამართლოზე ღია ზეწოლის შესახებ განაცხადა

© photo: Sputnik / Stringerგვარამია სასამართლო პროცესზე
გვარამია სასამართლო პროცესზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ოპოზიციური ტელეარხი „მთავარი არხის" დამფუძნებელს ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, სასამართლოზე ღია ზეწოლის შესახებ განაცხადა.
ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტის დეპუტატის მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა გვარამიას საქმეზე, რომელიც ცოტა ხანში სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გალერმა ღიად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ გვარამია 19 ივლისის სხდომაზე უნდა გაამართლოს, რათა „გამოასწოროს ძველი შეცდომები", რაც გულისხმობს ჩხიკვაძის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

„ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება", – ნათქვამია ჩხიკვაძის განცხადებაში.

მოსამართლის თქმით, მას ამის პირადი გამოცდილება უკვე აქვს. ჩხიკვაძის ინფორმაციით, გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში ის შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კევინ ბურკს.
საელჩოს თანამშრომელი მას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, და განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
„ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", – აღნიშნულია მოსამართლის განცხადებაში.
რამდენიმე დღის შემდეგ ამას მოჰყვა ის, რომ ჩხიკვაძე ამოიღეს მოსამართლეების იმ ჯგუფის სიიდან, რომლებიც აშშ-ში ვიზიტით უნდა გამგზავრებულიყვნენ.
„ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი", – აღნიშნა მოსამართლემ.
მისი თქმით, ეს ვითარება მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.
ნიკა გვარამია კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება>>
„ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც" მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო და არ მინდა, რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ", – ნათქვამია განცხადებაში.
მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მისცენ მოსამართლეებს საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში, გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ქიბარ ხალვაში მზადაა, დიპმისიების ხელმძღვანელებს თავისი სიმართლე დაუმტკიცოს>>
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0