შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ევროპული საბჭოს პირობების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
12 პუნქტიდან ექვსზე მუშაობა უკვე დაიწყო, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ტარდება კომიტეტების სხდომები – მიმდინარეობს საკითხების შესწავლა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროპული საბჭოს პირობების შესრულებას იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა.

„ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობაა, რომ 12 პუნქტი და რეკომენდაცია შესრულდეს, ამიტომ მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება ოპოზიცია, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს, და ჩვენ ამას გავაკეთებთ", – განაცხადა პაპუაშვილმა ტელეარხ „პალიტრასთან" ინტერვიუში.

მისი თქმით, 12-დან ექვს პუნქტზე უკვე დაწყებულია მუშაობა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ტარდება კომიტეტების სხდომები – მიმდინარეობს საკითხების შესწავლა.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ იმ პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი, რომლებმაც ოფიციალურად თქვეს უარი პროცესში მონაწილეობაზე, მიდის სხდომებზე და სამუშაო პროცესში მონაწილეობს.
„ჩანს, რომ ამ პარტიებს შიგნით გაურკვევლობა აქვთ და ვნახოთ, რა იქნება", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებს - „ქართული ოცნების“ რეაქცია>>
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
როგორც ევროკომისიაში თავდაპირველად განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.
მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.
ვინ აღრმავებს პოლარიზაციას? პაპუაშვილის განმარტება>>
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ ევროკომისიის პირობამ, პირიქით, გააღრმავა სიტუაცია.
ყველა ახალი ამბავი
0