ფარული მოსმენების სკანდალური საქმე: ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

© AFP 2024 / FREDERICK FLORINევროპული სასამართლო
ევროპული სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
მედიაომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამ უარი განაცხადა ჟურნალისტების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს მედიაომბუდსმენმა ათი ჟურნალისტის ფარული მიყურადების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სკანდალი 2021 წელს აგორდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქართველი სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერები. აღმოჩნდა, რომ არსებობს ათობით ათასი აუდიოჩანაწერი, რომლებიც გაკეთდა 100-ზე მეტი მღვდელმსახურის, ასევე დიპლომატების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლების ფარული თვალთვალისას.
მედიაომბუდსმენის სარჩელში საუბარია ჟურნალისტების – გიორგი მგელაძის, ნინო ჟიჟილაშვილის, სოფო მაისურაძის, გიორგი დარჩიაშვილის, ნინო ბიძინაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძის, თამთა დოლენჯაშვილის, თამუნა ჩიხლაძისა და გელა ბოჩიკაშვილის უკანონო ფარულ მოსმენებზე.

„სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლებამ უარი განაცხადა ჟურნალისტების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნაზე – დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარით მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა“, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოში დაზარალებულის სტატუსი იძლევა გამოძიების მასალებზე და იმ ინფორმაციაზე წვდომას, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
მანამდე ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი გახდა ის, რომ პროკურატურამ არავის, ვისი საუბარიც იყო გამოქვეყნებული, არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო თავად გამოძიებამ არანაირად არ წაიწია წინ.
ფარული მოსმენების სკანდალური საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე მივა>>>
არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელში აღნიშნავენ, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.
გარდა ამისა, არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ სასამართლომ სახელმწიფოს დააკისროს მათთვის გამოძიების მასალების წარდგენის ვალდებულება.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურამ ფარული მოსმენების გამოძიების საქმეზე დახმარებისთვის დასავლეთის ქვეყნებს მიმართა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან ახსნაც მოუწია, რადგან მასალებს შორის იყო გაშიფრული საუბარი 2020 წლის მარტში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავდნენ ეკლესიაში არსებულ ვითარებას და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებას.
თავის მხრივ, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა თავიანთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. მათი მონაცემებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პრესას მიაწოდა სუსის ყოფილმა მოხელემ აკაკი ნემსაძემ, რომელმაც გასული წლის ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ ნემსაძემ სიკვდილის წინ გადაწყვიტა დანაშაულებრივი სისტემის მხილება და ფაილები ოპოზიციურ ტელეარხებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.
საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პასუხი გაეცემა კითხვას, იყო თუ არა გავრცელებული ჩანაწერები მოპოვებული კანონის ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0