ფარული მოსმენების სკანდალური საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე მივა

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელში აღნიშნულია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ფარული მოსმენების სკანდალურ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
ქართველი სასულიერო პირების საუბრის აუდიოჩანაწერები პირველად ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ეთერში 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. სექტემბერში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია საუბრების ათასობით ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ. საუბარია 100-ზე მეტი სასულიერო პირის, ასევე დიპლომატების, ჟურნალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების თვალთვალზე და ფარული ჩანაწერების 58 ათასზე მეტ ფაილზე. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ევროპული სასამართლოსადმი მათი მიმართვის მიზეზი გახდა ის, რომ პროკურატურამ არავის, ვისი საუბარიც იყო გამოქვეყნებული, არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო თავად გამოძიებამ არანაირად არ წაიწია წინ.
არასამთავრობოები სარჩელში აღნიშნავენ, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.
გარდა ამისა, სარჩელში მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ წარმოადგინოს გამოძიების მასალები.

„წინამდებარე საქმის წარმატებული წარმოება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ კანონმდებლობაში და შექმნის ძლიერ გარანტიებს ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებას“, – აღნიშნავენ სარჩელის ავტორები.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურამ ფარული მოსმენების გამოძიების საქმეზე დახმარებისთვის დასავლეთის ქვეყნებს მიმართა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელთან ახსნაც მოუწია, რადგან მასალებს შორის იყო გაშიფრული საუბარი 2020 წლის მარტში კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი განიხილავდნენ ეკლესიაში არსებულ ვითარებას და პანდემიის დროს მასობრივი რიტუალების ჩატარებას.
თავის მხრივ, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა თავიანთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნეს. მათი მონაცემებით, ეს ინფორმაცია სუსიდან პრესას მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოხელემ აკაკი ნემსაძემ, რომელმაც გასული წლის ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან სიკვდილის წინ გადაწყვიტა დანაშაულებრივი სისტემის მხილება, აცხადებენ მასმედიაში, და ფაილები ოპოზიციურ ტელეარხებს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პასუხი გაეცემა კითხვას, იყო თუ არა გავრცელებული ჩანაწერები მოპოვებული კანონის ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0