მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Corriere della Sera: გერმანია უკრაინას 9 მლრდ ევროს დახმარებას უბლოკავს

© AFP 2024 / DAVID GANNON
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. გერმანია უკვე თვეზე მეტია ბლოკავს 9 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მთავარი ფორმა უნდა ყოფილიყო, წერს გამოცემა Corriere della Sera წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის ინფორმაციით, ჩიხური ვითარება, რომელსაც სხვადასხვა პროტაგონისტებიც ადასტურებენ როგორც კიევში, ისე ბრიუსელში, შესაძლოა გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ მოულოდნელად და „საკმაოდ სასტიკად“ გადააყენა უკრაინის ელჩი ბერლინში ანდრეი მელნიკი.
გარდა ამისა, გამოცემის წყაროების ცნობით, არსებობს უკრაინის პრეზიდენტის „ნევროზულობის“ კიდევ ერთი მიზეზიც: ზელენსკი ეჭვობს, რომ ბერლინი გარკვეული ანტირუსული სანქციების დარღვევას აპირებს, რათა რუსული გაზის მიწოდება აღადგინოს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“.
თუმცა, Corriere della Sera-ს ვარაუდით, გერმანიის მხრიდან დახმარების პაკეტის დაბლოკვა არ უნდა უკავშირდებოდეს გაზის მიწოდებებსა და ბერლინის მცდელობას, „აამოს მოსკოვს“.
ევროკავშირის დახმარება ითვალისწინებს კიევისთვის თითქმის უპროცენტო კრედიტებს, რომლებიც 25 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს თავისივე ევროპული ობლიგაციებიდან. ამ ევროობლიგაციების ყველაზე დიდი გარანტი კი სწორედ გერმანიაა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დახმარებას გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეწინააღმდეგება, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ ბრიუსელი უკრაინის გულისთვის საერთო ევროპულ ვალს მიმართავს. ლინდნერი ჯერჯერობით მხოლოდ 1 მლრდ ევროს ოდენობის პირველ ტრანშს დათანხმდა, რომელიც კიევს ივლისში უნდა ჩაერიცხოს.
ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს ივნისის ბოლოს დაუჭირეს მხარი. ამავდროულად კიევი ირწმუნება, რომ მას 5 მილიარდი დოლარის დახმარება სჭირდება ყოველთვიურად. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ სექტემბერში უკრაინამ 900 მილიონი ევროს საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადოს.
ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ გერმანიას Nord Stream-1-ით გაზის გადაქაჩვები შეუმცირა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მონრეალში სარემონტოდ გატანილი გაზის ტურბინა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა უკან. მისი რუსეთში დაბრუნება კანადის მიერ დაწესებული სანქციების გამო გართულდა.
გარდა ამისა, 11-21 ივლისს რუსეთი, გეგმიური პროფილაქტიკის მიზნით, გადატუმბვებს აჩერებს. გერმანიაში შიშობენ, რომ რუსული მხარე გაზს სრულად გათიშავს.
კრემლი უარყოფს „ნებისმიერ მინიშნებასა“ და განცხადებებს, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს „პოლიტიკური ზეწოლის იარაღად“ იყენებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს და „კვლავინდებურად შეუძლია ევროპის სრული ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტირება“.
ყველა ახალი ამბავი
0