უკრაინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს - „ქართული ოცნების“ პასუხი

© photo: Sputnik / Alexander Kryajevდავით არახამია
დავით არახამია - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
ქართულმა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვისთვისაა მომგებიანი სანქციების დაწესება ივანიშვილის წინააღმდეგ და რატომ ლაპარაკობს ამაზე უკრაინის წარმომადგენელი, განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. სანქციების დაწესებამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეიძლება საქართველოში საქველმოქმედო პროექტების რეალიზაციას შეუშალოს ხელი და ეს ყველაფერი ვიღაც დავით არახამიას გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) ლიდერმა დავით არახამიამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას აცნობა, რომ დასავლეთის სანქციების შემდეგ პაკეტში შეიძლება საქართველოს „ზოგიერთი მოქალაქე“ მოხვდეს, მათ შორის ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა. არახამიამ სანქციებს დეოლიგარქიზაციის ნაწილი უწოდა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წაყენებული პირობებიდან ერთ-ერთია.

„ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არახამიას, რომელმაც საკუთარ თავს უნდა მიხედოს, სურს სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს არაერთი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას... ეს პროექტი დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც ჯერ თავის ქვეყანას შეუქმნა სერიოზული პრობლემები, ახლა კი სურს მსგავსი პრობლემები შეუქმნას საქართველოსაც“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილმა გასული წლის იანვარში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის თავისი ოჯახის განკარგულებაში ტოვებს მხოლოდ 200 მლნ დოლარს, დანარჩენი სახსრები კი საქართველოში საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
ეს ფული, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მოხმარდება ტაძრების, თეატრების შენობების, თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში პარკების აღდგენას.
„ივანიშვილს საქართველოში უკვე დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის აწყობს სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის და რატომ არის ამ პროცესში ჩართული დავით არახამია.
საბაბი რევოლუციური სცენარისთვის? „ძველი გვარდია" ოპოზიციის გეგმებზე>>
ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მტკიცებულებების გარეშე რომ არ შეიძლება, ამას ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილშიც.
„გირჩის" ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ანტიპათია ივანიშვილის მიმართ არაა საკმარისი მიზეზი მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის.
„შეიძლება ივანიშვილი ბევრ ადამიანს არ მოსწონდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს არ არის სანქციებისთვის საკმარისი საფუძველი. თუ სათანადო ფაქტები, მტკიცებულებები დაიდება, სულ სხვა საუბარი იქნება", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, სანქციების დაწესება მთელ ქვეყანას ავნებს და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან დააშორებს.
„სანქციები არა მარტო ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი. ეჭვი მეპარება, რომ სანქცირებული ქვეყანა შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს - მდინარაძე>>
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დავით არახამია სანქციების დაწესებას მოითხოვს ივანიშვილის წინააღმდეგ. მანამდე მან აშშ-ის და ევროკავშირის ხელმძღვანელობას სთხოვა სანქციების დაწესება ივანიშვილის მიმართ, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.
გარდა ამისა, არახამია საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ რუსული კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებისთვის იყენებენ. თუმცა ამ ბრალდებების მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.
ყველა ახალი ამბავი
0