საბაბი რევოლუციური სცენარისთვის? „ძველი გვარდია" ოპოზიციის გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
ხელისუფლებამ საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს, აცხადებენ დეპუტატები.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტნიორები ეცდებიან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად სამოქმედო გეგმის თითოეული პუნქტი რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად გამოიყენონ, ნათქვამია სამი დეპუტატის განცხადებაში, რომლებმაც გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დატოვეს.
მმართველი პარტიის სამი წონადი ფიგურის – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე ინფორმაცია 28 ივნისს გავრცელდა. წასვლის მიზეზად მათ დაასახელეს სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, ვიდრე აწვდის მმართველი პარტია.
პარასკევს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ის მოიცავს ზომებს პოლარიზაციის შესამცირებლად, ოლიგარქებთან, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის უზრუნველსაყოფად, ასევე მედიის წარმომადგენლებსა და უმცირესობებზე თავდასხმების გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
ოპოზიცია ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად საკუთარ გეგმას წარადგენს>>>
როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, სამოქმედო გეგმის გასაჯაროების პირველივე დღიდან ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ისმის არაარგუმენტირებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათთვის გეგმა მიუღებელია და რომ ისინი არ გეგმავენ მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას.

„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კანდიდატობის თემა მათთვის საინტერესო არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, რათა ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ“ და არეულობასა და ომში გახვიონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამოქმედო გეგმის თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება, როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად, აცხადებენ დეპუტატები.
მათი აზრით, მიუხედავად „საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა“, ხელისუფლებამ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელისუფლებამ საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს.
ევროპა თუ ძალაუფლება: პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ეროვნული თანხმობისკენ მოუწოდებს>>>
როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება.

„ეს ადამიანები ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ვერ შეძლებენ“, – აცხადებენ დეპუტატები.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
მმართველმა პარტიამ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. გარდა ამისა, მმართველი გუნდი აპირებს პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომლის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ცვლილებები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, ხოლო პარლამენტმა ისინი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0