პაპუაშვილთან შეხვედრაზე ოპოზიციის უმეტესი ნაწილი არ მივიდა

© photo: Sputnikპარლამენტის ეზოში შესასვლელი
პარლამენტის ეზოში შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ცხრიდან მხოლოდ ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქვეყნის პარლამენტში მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც განიხილავენ ზომებს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულებისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი.
პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე, სადაც საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების საკითხებზეც მსჯელობენ, ცხრა ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ოთხის წარმომადგენლები მივიდნენ.
მხარეებს უნდა განეხილათ პოლარიზაციის შემცირების და მონიტორინგის ჯგუფის შექმნის საკითხები, რომელიც საზოგადოებას ანგარიშს ყოველკვირეულად წარუდგენს და რეკომენდაციებს მისცემს პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას.
ოპოზიციიდან შეხვედრაზე მივიდნენ: ლევან იოსელიანი პარტიიდან მოქალაქეები", ალექსანდრე რაქვიაშვილი გირჩიდან", ანა ბუჩუკური პარტიიდან საქართველოსთვის" და ხათუნა სამნიძე „რესპუბლიკური პარტიიდან".
ერთიანობა არ იქნება: ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე უარი თქვა>>
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
დანარჩენი პარტიები პაპუაშვილთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ, რადგან მათთვის მიუღებელია მმართველი ძალის გეგმა 12 პირობის შესრულების შესახებ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ამან მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
„ეს პოლიტიკური ძალები არიან ორგანულად დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათ ეშინიათ, რომ ამით ხელისუფლება დაიწერს ქულებს, ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და, აქედან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ოპოზიციას პროცესის ჩაშლა უნდა.
ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს - მდინარაძე>>
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები ამ ეტაპზე შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები სწორედ დღეს, 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0