სსფ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში

© AP Photo / Andrew Harnikსსფ
სსფ - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
საქართველოში აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სსფ–ის ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენაა მიმართული.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ნაყოფიერი თანამშრომლობა, ქვეყნის მდგრადობა გარე შოკების მიმართ და ეკონომიკური ზრდა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე – ეს საკითხები განიხილეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა სსფ–ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრაზე.
აზური თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ უწყებების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე სსფ–ის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დირექტორთან ვიმსჯელეთ საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რაც ფონდისთვის არის ასევე ძალიან საიმედო პროგნოზების საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქართულმა მხარემ სსფ–ის რეგიონულ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ვითარების შესახებ, მიმდინარე წლის ხუთი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე სამომავლო პროგნოზებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო შოკების მართვის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება აქვს და არსებული გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, მყისიერი და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს, მდგრადობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი: ეკონომიკის ზრდა მოლოდინს გადააჭარბებს>>
როგორც აზურმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.
მხარეებმა აღნიშნეს ახალი სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდაზე რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების ხელშეწყობაზე, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმებისა და ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემები.
სსფ–ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა Stand By–ს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება - ფინანსთა მინისტრი>>
დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის ასეთ სწრაფ ზრდას, ასევე სტრუქტურული რეფორმების პროგრამას – გეგმას, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელია რეფორმების ეფექტიანად განხორციელება.
„მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა – ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა, რომელზეც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და ასევ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მხარეები ასევე შეეხნენ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საკითხებს, ენერგეტიკულ გამოწვევებს. მინისტრის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივების შეთანხმება სსფ–თან, რათა ისინი ეფექტური იყოს და ხელს უწყობდეს დამატებით ინვესტიციებს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის.
შეხვედრის დასრულებისას მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, განაგრძონ თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციის პროცესში.
ყველა ახალი ამბავი
0