გაუსაძლისი პირობებია: საქართველოს რეგიონებში უსახლკაროების საცხოვრისები შემოწმდა

© press-service of Kutaisi city hallქუთაისის სოციალური საცხოვრისი
ქუთაისის სოციალური საცხოვრისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
სოციალური საცხოვრისები – უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დროებითი თავშესაფრებია, სადაც მობინადრეებს შეუძლიათ ღამის გათევა, დაბანა და საკვების მომზადება.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გორის, ოზურგეთისა და ქუთაისის უსახლკარო პირთა სოციალური საცხოვრისები მინიმალურადაც კი არ აკმაყოფილებს საცხოვრებელ პირობებს, აჩვენა საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ.
სოციალური საცხოვრისები – უსახლკარო ადამიანების დროებითი თავშესაფრებია, სადაც მობინადრეებს შეუძლიათ ღამის გათევა, დაბანა და საკვების მომზადება. საცხოვრისები მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება.
სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, გორის სოციალური საცხოვრისი ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაშია განთავსებული და ახლა იქ 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. მობინადრეებმა საკუთარი ოთახები თვითონ გადააკეთეს. საცხოვრისს არ გააჩნია საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მობინადრეებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე.
სახელმწიფო კიდევ 768 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის >>

„ობიექტში არსებული უკიდურესად მწვავე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ხელს უწყობს პარაზიტოლოგიური დაავადებების, მწერების, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების გავრცელებას, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის შენობის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების შეფასებით, იქ არსებული ინფრასტრუქტურული გარემო სრულიად მოუხერხებელია შშმ პირებისთვის.
„მობილობის შეზღუდვის მქონე და ეტლით მოსარგებლე პირები ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობის გამო თვეების მანძილზე მაღალ სართულზე არიან გამოკეტილი და ეზღუდებათ გადაადგილების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრობლემები დაფიქსირდა ოზურგეთის სოციალურ საცხოვრისშიც, სადაც 50-მდე ოჯახი ყოფილი სამშობიაროს შენობაში ცხოვრობს. ანგარიშის თანახმად, ჩატარებული რემონტის მიუხედავად, შენობა ნესტიანია, პირველ სართულზე აყრილია იატაკი, კედლები დაობებულია. შექმნილ მდგომარეობაში მობინადრეები ხშირად ავადდებიან. შენობას არ აქვს მისასვლელი გზა, გარე პერიმეტრი არ არის კეთილმოწყობილი.
პრობლემებია ასევე ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში, სადაც ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში 90 ოჯახი „პრივატული გარემოს გარეშე, გამუდმებული საყოფაცხოვრებო ხმაურის პირობებში“ ცხოვრობს. სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო ჰაერი მუდმივად ნესტიანი და დაბინძურებულია.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გორის, ოზურგეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერიას, გააუმჯობესოს სოციალური საცხოვრისების საცხოვრებელი პირობები, ხოლო გორის საცხოვრისის მობინადრეები ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყონ.
ყველა ახალი ამბავი
0