სახელმწიფო კიდევ 768 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის

© Pixabay / Stanly8853სახლი სოფლად
სახლი სოფლად - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7000-მდე ოჯახის განსახლება იგეგმება.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფელში სახლს კიდევ 768 დევნილ ოჯახს შეუსყიდის, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.
ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში 6 თვის განმავლობაში თავად დევნილები შეარჩევენ.
უწყების ცნობით, 2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 7000-მდე ოჯახი განსახლდება.
ამჟამად ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. შესაბამისად, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 40 ათას ლარად შეუსყიდის.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.
წყარო - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ყველა ახალი ამბავი
0