თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი! განათლების მინისტრი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

© Ministry of Education and Science of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ტრადიციულად საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული გაუმკლავდება ამ გამოწვევას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 4 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი გაიმართება 6 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 26-27 ივლისს, გამოცდები მასწავლებლებისთვის 6-25 ივლისს ჩატარდება.

„მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და, მჯერა, თქვენი პროფესიონალიზმით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, რომელიც ჩართულია გამოცდების ორგანიზების პროცესში. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აბიტურიენტებისთვის სრულფასოვანი აკადემიური და უსაფრთხო გარემო შეექმნა.
„სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდებისთვის მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი, რაც თითოეულ გამოსაცდელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს“, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება>>>
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
წელს რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებულია 2,5 ათასი სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 9,5 ათასი.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. გამოცდების გრაფიკთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ წელს პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია ის გამოიყენოს. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, მაგრამ რეგისტრირებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებით სესიას უზრუნველყოფს, სადაც ისინი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0