გაზის გაძვირება მცირე საწარმოებს დაარტყამს - პურის მრეწველთა ასოციაცია

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2022
გამოწერა
ამჟამად პური საწარმოებში 95 თეთრიდან 1,20 ლარამდე ღირს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ბუნებრივი აირის გაძვირების გამო პურ-ფუნთუშეულის მცირე საწარმოები დღეს არსებული ფასების შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, განაცხადა პურის მრეწველთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
საქართველოს ორმა დიდმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ 1 ივლისიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი გააძვირა. თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს აბონენტებისთვის ფასი 1,1-დან 1,35 ლარამდე გაიზარდა 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე, ხოლო Socar Georgia Gas-მა რეგიონებში თავისი აბონენტებისთვის ტარიფი 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 1,15-დან 1,38 ლარამდე გაზარდა.
„რატომ ზრდიან ტარიფებს? გასაგებია, რომ ენერგომატარებლები მთელ მსოფლიოში ძვირდება და ჩვენ მათთან შეჯიბრება არ შეგვიძლია", – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ზარალი იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც თანამედროვე გაზის სანთურები აქვთ პურის საცხობებისთვის, ნაკლები იქნება.

„ტარიფის გაზრდა ძალიან აისახება მცირე საწარმოებზე. სულ რამდენიმეს აქვს გაზის საფირმო სანთურები და მეტ-ნაკლებად ეკონომიას გააკეთებენ, ხოლო ისინი, ვისაც კუსტარული სანთურები აქვთ, და ასეთი 70%-ია, ისინი ფასებს მოუმატებენ", – განაცხადა დოლიძემ.

მან განმარტა, რომ საცხობების თანამედროვე გაზის სანთურები ავტომატურად ითიშება, როდესაც გარკვეულ ტემპერატურას მიაღწევს, ხოლო როცა ტემპერატურა ეცემა, ის ისევ ავტომატურად ჩაირთვება.
„ასეთი მოწყობილობა ძალიან ძვირია და ყველას არ აქვს", – აღნიშნა დოლიძემ.
მისი თქმით, ბოლო დაახლოებით ორ თვეში საქართველოში პური უკვე გაძვირდა 10 თეთრით და საწარმოებში 95 თეთრიდან 1,20 ლარამდე ღირს.
„დიდი ქარხნები შეინარჩუნებენ ამ ფასს, მაგრამ მცირე საცხობები გაზრდიან ღირებულებას", – განაცხადა დოლიძემ.
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - რას ფიქრობენ მწარმოებლები>>
მან ასევე დასძინა, რომ ამ დარგში მუშაობს უკვე 50 წელია და „ასეთი არაპროგნოზირებადი სიტუაცია არასდროს ყოფილა".
მისი თქმით, უკრაინის მოვლენები გამოიწვევს ფასების ზრდას იმ პროდუქტებზეც, რომლებიც აუცილებელია პურის გამოსაცხობად – ხორბალი და ფქვილი და დამატებითი პროდუქტები – ზეთი, მარილი, შაქარი, საფუარი და ა.შ.
„უკვე ნახევარი წელია, რაც ნაგვის გატანის ფასი გაორმაგდა. ვცდილობთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რადგან პურის ღირებულების ხშირი ცვლა არასერიოზულია. როგორღაც ვინარჩუნებთ ამ ნიშას", – აღნიშნა დოლიძემ.
საქართველოში კომერციული მომხმარებლებისთვის გაზი გაძვირდა>>
რაც შეეხება პურის საცალო ფასს, ექსპერტის თქმით, მაღაზიაში ფასნადები 30-40 თეთრია, ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში კი – 50 თეთრიც.
„როდესაც ვკითხე, ასე რატომ იქცევიან, მიპასუხეს, რომ იჯარის ფულს დოლარში იხდიან, ამიტომ იძულებული არიან პროდუქციას მეტი ფასნადები დაადონ", – აღნიშნა დოლიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0