სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობაში იყო გამოყენებული, აღნიშნა სასამართლომ.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საჩივარი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ახალაია დავობდა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება (პატიმრობა) იყო უკანონო, და აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ის ასაჩივრებდა მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევას: მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-18 მუხლი (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები).
როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან.
პოლიტიკოსობას არ ვაპირებ: ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა >>
ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს, განმარტეს იუსტიციის სამინისტროში.
„რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ახალაია 2013 წელს დააკავეს და ის 9 წლის შემდეგ, 2022 წლის მარტში გათავისუფლდა.
ექს-მინისტრს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია მოხდა, 2014 წელს ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.
2018 წელს კი იგი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში ბრალდებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში, რის შედეგადაც თეთრაძე დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
წყარო - იუსტიციის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0