სპექტაკლი თუ ხრიკი? რეაქციები „ქართული ოცნებიდან“ „ძველი გვარდიის“ წასვლაზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსცენა „ქართული ოცნების" ოფისთან
სცენა „ქართული ოცნების ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
პარტიის დატოვების გადაწყვეტილება სამმა ლიდერმა მიიღო – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „იაფფასიანი სპექტაკლი“ უწოდა.
გუშინ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ სამმა ლიდერმა – სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. წასვლის მთავარ მიზეზად მათ საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.

„მათი გულწრფელობის, რა თქმა უნდა, არავის სჯერა... საბოლოო ჯამში ეს არის იაფფასიანი სპექტაკლი, თუმცა, ამ სპექტაკლის დადგმა რომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის სერიოზული პრობლემები“, – განაცხადა ობოლაძემ.

ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია დაშლის ზღვარზეა.
„ქართული ოცნება“ არის მოღალატე როგორც სრულიად ქართველი ერისა, ასევე თავისი ამომრჩევლის. „ქართული ოცნება“ არის დაშლის პირას სრულიად ლეგიტიმურად, რადგანაც მათ დააღალატეს ყველაზე ფუნდამენტური კურსი, რომელიც საქართველოში პროდასავლელ პოლიტიკოსს შეიძლება გააჩნდეს“, – თქვა გეგელიამ.
ოპოზიციური „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ჰერმან საბო არ გამორიცხავს, რომ დეპუტატების წავლა „კიდევ ერთი ხრიკია“, რომელიც უმრავლესობის ტექნიკურ დაშლაზეა მიმართული.
„რადგან უმრავლესობა არ ექნება და ისე კი არ გამოვა, რომ ან ოპოზიციის ან ხალხის დაძახილზე გადავაყენეთ ღარიბაშვილი, არამედ ტექნიკურად აღარ არის უმრავლესობაო; ამისთვის „ოცნებიდან“ კიდევ მეტი დეპუტატი უნდა წავიდეს. გამოვა, რომ ტექნიკურად ღარიბაშვილი წავა და ახალ მთავრობას უნდა უყაროს კენჭი ახალმა კოალიციურმა ერთობამ“, – აღნიშნა საბომ.
„საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს“ - ხუნდაძის კომენტარი მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, 24 ივნისს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
ყოფილი თანამებრძოლების რეაქცია
მმართველ გუნდში არ მალავენ, რომ ყოფილი თანამებრძოლების უკმაყოფილება საზოგადოებისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება გახდა იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, რეზოლუციის შინაარსი იყო მიკერძოებული და ნაკარნახევი ევროპის სახალხო პარტიის მიერ, რომლის წევრიც არის „ნაციონალური მოძრაობა“.
ვოლსკის თქმით, მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ამაზე მეტი უნდა ითქვას და უფრო მკაფიოდ უნდა განემარტოს საზოგადოებას ამის არსი და მიზეზები.
ყოფილი თანამებრძოლების წასვლის მიზეზი განმარტა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე დისკუსიის მიზეზი ერთადერთი საკითხი იყო.

„დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარტიიდან წასული დეპუტატები ფიქრობენ, რომ თუ დარჩებიან „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ, ვერ იტყვიან იმას, რაზეც, მათი აზრით, საჭიროა ლაპარაკი.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი ამას არ დაეთანხმნენ, ისინი ტოვებენ პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს, მაგრამ არა – მანდატებს, და ისინი განმარტავენ, რომ შეიძლება ასე უფრო მეტი საქმე გააკეთონ, ვიდრე აქამდე, აღნიშნა მდინარაძემ.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს>>
პარტიის გარდა დეპუტატები დატოვებენ საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციას.
ხუნდაძე ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ყაველაშვილი – სპორტისა და ახალგაზრდობის, ხოლო სუბარი – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის.
ყველა ახალი ამბავი
0