რა კეთდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის: მინისტრი კონკრეტულ პროექტებზე

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული კონკრეტული პროექტების შესახებ ისაუბრა.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და გამჭვირვალე საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია თბილისში USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მასში მთავრობის წარმომადგენელთა გარდა მონაწილეობენ ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ევროპულ პრინციპებთან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და, ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტები და კონკრეტული პროექტები.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
„ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხდება განახლებადი, ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, 2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის.
რამდენს დახარჯავს საქართველო მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე?>>
„სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა აუცილებლად შექმნის საფუძველს ახალი პროექტების განსახორციელებლად და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება – ეს არის ამოცანა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან, მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ენერგოსისტემასთან.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას. მან ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.
ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც, მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში იქნება 1200 კილომეტრამდე, ალბათ, ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან“, – აღნიშნა მინისტრმა.

დანია საქართველოს ენერგოეფექტურობის ამაღლებაში დაეხმარება>>
მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან ქვეყანა თავისუფალ რეჟიმში შეძლებს ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში ჰქონდეს ვაჭრობის საშუალება ევროკავშირთან – განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან.
„შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და მთლიანად მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ყველა ახალი ამბავი
0