რამდენს დახარჯავს საქართველო მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე?

© photo: Sputnikქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ენერგიის განახლებად წყაროებთან (RES) დაკავშირებული რამდენიმე ენერგეტიკული პროექტის განხორციელება დაგეგმა, რომელთა ჯამური ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ენერგოდამოუკიდებლობის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად ნაბიჯები ყოველწლიურად იდგმება: შენდება ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები და ქარის სადგურები. როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, 2030 წლისთვის, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ქვეყანაში ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროექტია მოწონებული, მათ შორის, ქარის, ჰიდრო და მზის პროექტები. 200 მილიონი არის პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა – როგორც ადგილობრივი ინვესტიცია, ისე უცხოური“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, პროექტების რეალიზება რამდენიმე ლოკაციაზე – გორში, ქსანსა და ასპინძაში მოხდება. მათი ჯამური ენერგეტიკული სიმძლავრე 150 მეგავატი იქნება.
„რა თქმა უნდა, აღნიშნული სიმძლავრეები შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. ეს შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 15,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია იქნა მოხმარებული, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. ხოლო გამომუშავებული იყო 12,6 მილიარდი კვტ/სთ.
ყველა ახალი ამბავი
0