დანიაში ქართული ღვინო დააგემოვნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2022
გამოწერა
დანია, ისევე, როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნები, მნიშვნელოვანი ახალი მიმართულებაა, აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. კოპენჰაგენში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კომპანია Georgisk vin-ის მხარდაჭერით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შორის იყვნენ სომელიეების სკოლის მენეჯერები, სომელიეები, ღვინის ტურების ორგანიზატორები, ღვინის ონლაინ ჟურნალის გამომცემლები და ღვინის შესახებ მწერლები.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ, რომელმაც ქართული ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე და მის რვაათასწლიან ისტორიაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის ჩვენება „საქართველო ღვინის სამშობლო“; მოეწყო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.
ჩინეთში ქართულ ღვინოს ეცნობიან>>
სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს.
უწყების ცნობით, დანიის სამეფოში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის დროს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე სკანდინავიური ღვინის აკადემიის დანიის ფილიალის მენეჯერს თომას ილკაერს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით ტყემალაძემ ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის სახელმწიფო პოლიტიკასა და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანია, ისევე, როგორც სკანდინავიის სხვა ქვეყნები, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი მიმართულებაა.
ქართული ღვინო ლონდონის გამოფენაში მონაწილეობს>>
მხარეებმა კონკრეტული თანამშრომლობის და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის გეგმები განიხილეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თომას ილკაერის ღვინის აკადემიაში ათეულობით მეღვინე, რესტორნების და ღვინის ბარების მფლობელია გაწევრიანებული. შესაბამისად, აკადემიის სასწავლო პროგრამაში ქართული თემატიკის შეტანა ხელს შეუწყობს საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლებას.
ყველა ახალი ამბავი
0