საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მაისში შემცირდა

© photo: Sputnikიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
მაისის ბოლოს საქართველოში მუშაობდა 14 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 167,5 მლნ ლარით, ანუ 0,3%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2022 წლის მაისის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 62,61 მლრდ ლარი, სააქციო კაპიტალმა კი 8,27 მლრდ ლარი შეადგინა.
აპრილის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ბანკებში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 37,15 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 73 მლნ ლარით, ანუ 0,2%-ით ნაკლებია მაისის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 324,43 მლნ ლარით, ანუ 2,13%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა 397,47 მლნ ლარით, ანუ 1,81%-ით.
ინფლაციის შეჩერება - როგორ ებრძვის საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას>>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 41,85% შეადგინა, რაც 1,33 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 მაისის მაჩვენებელზე.
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,79% შეადგინა, მათ შორის 11,46% – ლარიან დეპოზიტებზე, ხოლო 1,17% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 33,41 მლნ ლარით, ანუ 0,08%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 43,12 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 361,92 მლნ ლარით, ანუ 1,67%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 395,33 მლნ ლარით, ანუ 1,84%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მაისის ბოლოს კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გასცეს სესხები ეროვნულ ვალუტაში 6,54 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 1,12%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 13,29 მლრდ ლარი, რაც 1,91%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
როდის მიუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? ეროვნული ბანკის პასუხი>>
2022 წლის მაისში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,76%-ით, ანუ 167,99 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, 22,35 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 50,95 პროცენტი შეადგინა, რაც 0,88 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის 1 მაისის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0