ინფლაციის შეჩერება - როგორ ებრძვის საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას
21:50 23.06.2022 (განახლებულია: 23:40 23.06.2022)
© photo: Sputnikიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
© photo: Sputnik
გამოწერა
საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ეკონომიკებში ინფლაცია მკვეთრადაა გაზრდილი, აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ინფლაციის დონის ცვლილება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე, ამ კუთხით კვლავ რჩება მაღალი გაურკვევლობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%-ით, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%-ით, ჯანდაცვაზე – 2%-ით. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.
„ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდებების შეფერხებამ, ასევე ომის გამო უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრმა შეზღუდვამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტია აღნიშნული, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სურსათის ფასები მსოფლიო მასშტაბით ბოლო თვეებში ისტორიულ მაქსიმუმზეა. საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ეკონომიკებში ინფლაცია მკვეთრადაა გაზრდილი.
„ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, რადგან ჩვენ მცირე, ღია ეკონომიკა ვართ და მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა სწრაფად აისახება ჩვენს სამომხმარებლო ფასების ინდექსზე“, – ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
რა ზომებს იღებს ეროვნული ბანკი
რეგულატორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზარდი ინფლაციური რისკების ფონზე ბოლო დროს რეფინანსირების განაკვეთი თანდათანობით იზრდებოდა, ხოლო მონეტარული პოლიტიკა გამკაცრების ფაზაშია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 22 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11,0 პროცენტს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეს-რელიზში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის პოზიცია კვლავ მაღალი ინფლაციის შემცირებისკენ არის მიმართული.
„ოფიციალური ორგანოები ცდილობენ გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, რეზერვების გაძლიერებას და საქართველოს ცენტრალური ბანკის საკომუნიკაციო სტრატეგიის გაუმჯობესებას. ისინი გაუმკლავდნენ სანქციების თავდაპირველ ზემოქმედებას. ცენტრალური ბანკი მოითხოვს ბანკებისგან, დაიცვან საერთაშორისო სანქციები, რაც შეზღუდულ რისკებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დაკრედიტების ზრდა
საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, წლის განმავლობაში საკრედიტო აქტივობა მაღალი რჩება, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო სესხების, მეორე მხრივ, უცხოურ ვალუტაში სესხების გააქტიურების შედეგია.
„ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები სესხების ზრდის ტემპზე ეტაპობრივად უნდა აისახოს. ამასთან, უცხოური ვალუტით სესხების კუთხით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას საქართველოში სასესხო პირობების გამკაცრების დამატებითი ეფექტი ექნება“, – ხაზგასმულია რეგულატორია განცხადებაში.
მიუხედავად ამისა, უცხოურ ვალუტაში სესხების ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებს, მათ შორის, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნებს ან/და სხვა მაკროპრუდენციულ ზომებს გამოიყენებს.
წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი