საქართველომ სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები შეისყიდა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიგლუკომეტრი
გლუკომეტრი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ინფორმირებული იქნებიან მოწყობილობის სწორად გამოყენების წესების შესახებ.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) შეისყიდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგი (CGM) – ეს არის დიაბეტის ეფექტური კონტროლის ტექნოლოგია, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში გლუკოზის დონის ცვლილებების კონტროლის საშუალებას იძლევა. ამგვარი მოწყობილობები ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათი სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლიათ. ასეთი სისტემები საქართველოში 1,3 ათასზე მეტ ბავშვს სჭირდება.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექტი ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა, მათ მისაღებად რეგისტრაცია კი 23 ივნისს დაიწყება.

„CGM სისტემის მიღება შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის დიაგნოზის მქონე არასრულწლოვნების გარდა, 18 წელს გადაცილებულ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ უსინათლო პაციენტებსაც შეუძლიათ, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს 18 წელს გადაცილებული ის პირებიც მიიღებენ, ვინც სრულწლოვნები პროგრამის ძალაში შესვლის თარიღიდან, 15 იანვრიდან გახდნენ.
„აღნიშნული სიახლე ბავშვს და მშობელს მისცემს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი. CGM სისტემა ავტომატურად, უწყვეტ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, ახდენს მონიტორინგის მონაცემების ანალიზს და ვიზუალიზაციას. გააჩნია განგაშის სიგნალები გლუკოზის დონის საგრძნობი ცვლილებების შემთხვევაში ყურადღების მისაპყრობად“, – აცხადებენ სამინისტროში.
მსურველებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემისა და სენსორების მისაღებად რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. ოფისების მისამართები იხილეთ ბმულზე.
პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის უნარზე, გადაამუშავოს საკვებიდან ენერგიის გამოსამუშავებლად მიღებული გლუკოზა. უმეტეს შემთხვევაში პირველი ტიპის დიაბეტი ადრეულ ასაკში ვლინდება.
საქართველო სისხლში გლუკოზის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს მიიღებს>>
დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა უტევს პანკრიასის უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან ინსულინს, ჰორმონს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გლუკოზის ენერგიად გარდაქმნაში, რაც სხეულის უჯრედებისთვის აუცილებელია. ამიტომ პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ინსულინის დონის მუდმივი კონტროლი და ყოველდღიური ინექციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ყველა ახალი ამბავი
0