„ქართული ოცნება“: გაუგებარია, რატომ დაიწუნა პრეზიდენტმა კანონპროექტი მოსმენების შესახებ

© photo: Sputnikვიდეოდაკვირვების კამერები პარკში
ვიდეოდაკვირვების კამერები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
პრეზიდენტს არ მოეწონა, რომ ფარული მოსმენის და თვალთვალის ვადები იცვლება.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადის 3-დან 9 თვემდე გახანგრძლივების შესახებ ცვლილებები პასუხობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
7 ივნისს მიღებული კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს არ მოეწონა. მისი თქმით, ცვლილებები ზღუდავს ადამიანის უფლებებს, ამიტომ ვეტოს უფლების გამოყენება გადაწყვიტა.

„ეს კანონპროექტი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საკმარისი არგუმენტები იყო წარმოდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მოსმენა და ფარული თვალთვალი საქართველოში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. კანონპროექტის მიხედვით, სამთვიანი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შუამდგომლობა შეიძლება პროკურორმა დააყენოს. ვადის კიდევ სამი თვით გასაგრძელებლად საჭიროა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირის შუამდგომლობა, ხოლო კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
თალაკვაძის თქმით, ვეტოს შემდეგ კანონპროექტი პარლამენტს დაუბრუნდება და საკითხი კვლავ დადგება კენჭისყრაზე.
„ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში, რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის. რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო >>
ცვლილებების მიხედვით, როდესაც საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს გამოძიებას დასჭირდება.
გარდა ამისა, პირის ინფორმირების ვადა მასზე თვალთვალის ჩატარების შესახებ შეიძლება გადაიდოს შეუზღუდავი რაოდენობით, სანამ ეს საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0