ქართული ტურიზმის ბრილიანტი - წალკაში უნიკალური ტურისტული კომპლექსი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerდაშბაშის კანიონზე შუშის ხიდის გახსნა
დაშბაშის კანიონზე შუშის ხიდის გახსნა  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
პროექტზე ისრაელის კომპანია Kass Land-მა იმუშავა, რომელმაც კანიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე დაშბაშის კანიონში საზეიმოდ გაიხსნა 240 მეტრის სიგრძის უნიკალური შუშის ხიდი, რომლის შუა ნაწილში ბრილიანტის ფორმის რესტორანი მოეწყო.
დაშბაშის კანიონი, რომელიც ბუნებრივი ძეგლის სტატუსს ატარებს, წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს.
პროექტზე იმუშავა ისრაელის კომპანიამ Kass Land (იგივე Kass Group), რომელმაც კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში 120 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და ინვესტორები ისრაელიდან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებით განვითარება.

„სწორედ ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა – ერთი მხრივ, დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და, მეორე მხრივ, ასეთი თანამედროვე, მე ვიტყოდი, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისრაელის კომპანიას პროექტით დაინტერესებისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს ამ კანიონის მიმდებარე ტურისტული სერვისების განვითარებას, აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ძალიან ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ამ უნიკალურ ადგილზე, რომ ნახოს და თავად გაეცნოს ასეთ უნიკალურობას“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესი დაცული იყოს და ინვესტორებმა თავიანთი საქმე თავისუფლად აკეთონ.
„ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობებია შექმნილი, ყველაზე დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ასეთი მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ კანიონი „ძალიან ბევრ ტურისტს შეაყვარებს თავს“.
გახსნის ცერემონიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

„საქართველოსა და კავკასიაში პირველი დაცული ტერიტორია 110 წლის წინ შეიქმნა. ეს იყო ლაგოდეხის ნაკრძალი და მისი ფართობი მაშინ დაახლოებით 3.500 ჰექტარს შეადგენდა. დღეს კი საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 800 ათას ჰექტარს შეადგენს. წელს ვგეგმავთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, რომლის ფარგლებშიც ეს ფართობი კიდევ 100 ათასი ჰექტარით გაიზრდება“, – აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც დაცული ტერიტორიების კუთხით დაფიქსირდა.
„ოთხ დაცულ ტერიტორიას პირველად საქართველოს ისტორიაში მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს ჩვენი ბუნების უნიკალურობის კიდევ ერთი აღიარებაა მსოფლიო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ბუნება და ამავდროულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც მას ეკოტურისტული მიმართულებით აქვს“, – განაცხადა მინისტრმა.
დაშბაშის კანიონზე გადებულ შუშის ხიდზე მოწყობილი ბარ-რესტორანი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება, განაცხადა, თავის მხრივ, ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ.
მისი თქმით, 240 მეტრი სიგრძის პანორამული ხიდი და შუაში დაკიდებული რესტორანი ინვესტიციის პირველი ნაწილია.
თორდიამ დააანონსა მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპაში ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობაში განხორციელდება. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, იგეგმება დამატებით 200 ვილის მშენებლობა.
თორდიას თქმით, კომპანიამ მიზნად დაისახა, რომ წალკა მსოფლიო ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქციოს.
დაშბაშის კანიონზე არსებული ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს უკვე 15 ივნისიდან მიიღებს. უნიკალური კომპლექსის სტუმრებს ელოდება შთამბეჭდავი სანახაობა – პანორამული ხედები, ჩანჩქერებისკენ მიმავალი ბილიკები, კოტეჯები ვიზიტორებისთვის და, რა თქმა უნდა, ორიგინალური ფორმის შუშის ბარ-რესტორანი 200 მეტრის სიმაღლეზე.
ყველა ახალი ამბავი
0