პრემიერმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ოპოზიციის ხელი“ დაინახა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiyევროკომისიის ლოგო
ევროკომისიის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
საქართველოს უფრო ეკუთვნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ბრალდებები, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ჩაწერილი, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მიწოდებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით. რეზოლუციის დამტკიცება მოხდა ორი კვირით ადრე ევროკავშირის სამიტამდე, სადაც 23-24 ივნისს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ.

„ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო „ევროპის სახალხო პარტია“. ვინ არის ეს პარტია, ჩვენ კარგად ვიცით. შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მოკავშირე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე გაიხსენა, რომ პარლამენტში გამოსვლის დროსაც პირდაპირ დაადანაშაულა „უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები“ იმაში, რომ დადიან ევროპაში და ქვეყნის წინააღმდეგ „ათას სისულელეს ავრცელებენ“.
„საუბარი არ ეხება მთავრობას და მმართველ გუნდს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ავრცელებენ (მავნე ინფორმაციას). ასეთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო რეზოლუციის მიღება პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც მე ვთქვი, რაც ჩვენმა გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, როდესაც ხელისუფლება უვიზო რეჟიმზე მუშაობდა, ოპოზიციის წარმომადგენლები „პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლისჩოქით დადიოდნენ“ ევროპაში, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ უვიზო რეჟიმი, რათა „ჩვენი ქვეყანა და ხალხი დაესაჯათ“.
ღარიბაშვილი: რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს >>
„ფაქტია, რომ როლი შეასრულეს (ოპოზიციამ) და გამოიყენეს მათი განცხადებები (ევროპარლამენტმა). ეს საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი მიწოდებული ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს უფრო ეკუთვნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას.

„თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დაიმსახურა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

კალაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა >>
ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი გამოძიების პრინციპები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ამასთან, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ამას იმსახურებს.
ყველა ახალი ამბავი
0