ღარიბაშვილი: „ბორჯომის“ აქციონერებთან მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
კომპანია IDS Borjomi-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის შეთანხმება შედგა, რის საფუძველზეც კომპანიის თანამფლობელი სახელმწიფო გახდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
„ბორჯომის“ ორივე ქარხნის თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს, მათი მოთხოვნებია ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენა, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.

„ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება... აქციები უსასყიდლოდ გადმოგვეცემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში მთავრობა გახდება „ჩვენი ეროვნული სიმდიდრისა და სიამაყის“ თანამფლობელი.
„ყველა პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ და მის თანამშრომლებს შეექმნათ ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ყველა იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ შეათანხმა საერთაშორისო პარტნიორებთან, კონსულტაციები ასევე გაიმართა რეგულატორთან დიდ ბრიტანეთში.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება გათავისუფლებული 50 ადამიანის საკითხს, ღარიბაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება, მინისტრთა კაბინეტის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პრობლემის მოგვარებაში.
„ყველა მოქალაქე, „ბორჯომის“ ქარხნების ყველა თანამშრომელი სამართლიანობას მიაღწევს. მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა საკითხის უმოკლეს ვადაში გადაჭრა ეკონომიკის მინისტრ ლაშა ხუციშვილს დაავალა.
„ბორჯომის“ თანამშრომლების საკითხი სახელმწიფომ უნდა გადაჭრას: ომბუდსმენი გაფიცულებს შეხვდა>>>
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
კომპანიამ IDS Borjomi 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0