„ბორჯომის“ თანამშრომლების საკითხი სახელმწიფომ უნდა გადაჭრას: ომბუდსმენი გაფიცულებს შეხვდა

© photo: Sputnik„ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომლების გადიცვა
„ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომლების გადიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
ომბუდსმენმა განაცხადა დისკრიმინაციის ნიშნების არსებობის შესახებ და სახალხო დამცველის ოფისი საქმეს ამ მიმართულებით შეისწავლის.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სიტუაცია, რომელიც IDS Borjomi-ს გაფიცული თანამშრომლების ირგვლივ შეიქმნა, სახელმწიფოს პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაფიცულებთან შეხვედრის შემდეგ.
„IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება. ჯერჯერობით ისინი ქარხნების შესასვლელების პიკეტირებას ახდენენ.
„პრობლემა იმდენად მასშტაბური გახდა - 400-მდე ადამიანს შეეხო, რომ გასცდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ჩარჩოებს და აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფოს განხილვის საგანი“, - განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
სახალხო დამცველი გაფიცულებს მათი პრობლემების შესახებ ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.
ლომჯარიას თქმით, არსებობს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნები და სახალხო დამცველის ოფისი საქმეს ამ მიმართულებით შეისწავლის.
„ადამიანებს, რომლებსაც ეკუთვნით შრომის ანაზღაურება, კომპანია არ უხდის იმის მიხედვით, თუ ვის რა როლი აქვს ამ გაფიცვაში. საუბრობენ ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე", - განაცხადა ლომჯარიამ.
პარალელურად პროფკავშირები ამზადებენ თანამშრომლების კოლექტიურ სარჩელს, რომელიც სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა.
„ამ კომპანიაში დასაქმება მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და უხელფასოდ ეს ადამიანები სრულიად უსახსროდ რჩებიან. ამასთან, ბევრ მათგანს ბანკის კრედიტის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეც ემუქრება“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
ლომჯარია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ შუამავლის როლი უნდა იკისროს და საუკეთესო გამოსავალი იპოვოს.
IDS Borjomi-ს ხელმძღვანელობამ და გაფიცულმა თანამშრომლებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს >>
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. გაფიცულების განცხადებით, ქარხნების მუშაობა სრულად პარალიზებულია და ადგილებზე მხოლოდ დირექცია რჩება.
კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია. 19 მაისს კომპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება განახლდებოდა.
6 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და საკითხი მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე გავა – სახელმწიფო IDS Borjomi-ს აქციონერი, თანამფლობელი გახდება და ამით აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.
წყარო - სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0