„პანდემიური სინდრომი“ ტურიზმში, ანუ რა ელოდება საქართველოს 2022 წელს

© photo: Sputnikტურისტები ბათუმში
ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
საქართველოში უკვე ბევრი უცხოელი სტუმარია, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ტურიზმის სფეროზე ჯერ არ ასახულა.
აღორძინდება თუ არა ტურიზმი საქართველოში? პასუხი ამ კითხვაზე აინტერესებს ამ სფეროს და მომიჯნავე დარგების ყველა წარმომადგენელს, განსაკუთრებით, ზაფხულის დადგომასთან ერთად. პროგრესი აშკარაა. უცხოელ სტუმრებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, მაგრამ პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებამდე ჯერ კიდევ შორია.
ტურიზმი საქართველოში პრაქტიკულად ერთადერთი სფერო აღმოჩნდა, სადაც ადრინდელი მაჩვენებლების აღდგენა ვერ მოხერხდა. ეს არც არის გასაკვირი: კოვიდ-შეზღუდვები მთელ მსოფლიოში პირველ რიგში ამ დარგზე აისახა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას დაბეჯითებით შეიძლება ითქვას – ტურისტული ნაკადი შეიძლება გაიზარდოს რუსეთიდან. ამას მარტივი ახსნა აქვს: მაისში რუსეთმა თავის მოქალაქეებს ნება დართო, დაუბრკოლებლად ჩამოსულიყვნენ საქართველოში „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით. პირდაპირი საავიაციო კავშირის არარსებობის პირობებში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველ რიგში, არ არის საჭირო ბელარუსში, სომხეთში, აზერბაიჯანში ან თურქეთში გადაჯდომა. ამასთან, არც ბილეთებია იაფი.
გარდა ამისა, საქართველო შესანიშნავი ალტერნატივაა ბევრი დასავლური კურორტისა, რომლებიც, ცნობილი მიზეზების გამო, რუსებისთვის ახლა ძნელად ხელმისაწვდომია. საქართველოში საცხოვრებელი, კვება თუ სხვადასხვა გასართობიც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია.
სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ რუსები გააქტიურდნენ, მაგრამ მათი მოზღვავება ჯერ არ შეიმჩნევა, აღნიშნა საქართველოში ტურისტების მიღების პროექტის Georgia Тravel ხელმძღვანელმა სალავათ სატაევმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

„ადამიანები ახლა საგულდაგულოდ გეგმავენ თავიანთ ცხოვრებას ფინანსური თვალსაზრისით. ეკონომიას ეწევიან დასვენებაზე. პანდემიამდე სახმელეთო მოგზაურობა ძალიან პოპულარული იყო. ავტობუსები გადავსებული იყო. ახლა სიტუაცია შეიცვალა“, – განაცხადა სატაევმა.

ამის მიუხედავად, ჯავშნები არის ივნისის ბოლომდე და ბილეთების გაყიდვა იზრდება. საქართველოს მიმართულებით სამგზავრო ავტობუსები ყველაზე დატვირთულია მოსკოვიდან, სამარიდან, სარატოვიდან, ვოლგოგრადიდან, დონის როსტოვიდან.
სატაევის აზრით, ზაფხულში მოთხოვნა იქნება ძირითადად სამ და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე. ახალგაზრდობა ტრადიციულად ე.წ. გესთჰაუზებს ირჩევს.
უცხოელების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მაისში ეწვივნენ, სამჯერ გაიზარდა>>
წლევანდელ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს მაია ხასაიას, რომელიც შვიდი წელია გიდად მუშაობს. 2019 წლის ტურისტული ბუმით შთაგონებულმა მაიამ აიღო კრედიტი, რათა გაემრავალფეროვნებინა ტურისტული მომსახურება 2020 წლისთვის, მაგრამ პანდემიამ გეგმები ჩაუშალა.
წელს რუსების ნაკადი საქართველოში მართლაც გაიზარდა, მაგრამ, როგორც ხასაია ამბობს, ტურიზმის სფეროზე ეს არ ასახულა. რუსები საქართველოში დიდი ხნით ჩამოდიან – ქირაობენ ბინებს, ან სულაც ყიდულობენ. სასტუმროები არ სჭირდებათ. თავად მიდიან ექსკურსიებზე, განსაკუთრებით, როდესაც მანქანით არიან ჩამოსული და სავსებით ლოგიკურია, რომ გიდები არ სჭირდებათ.

„სიტუაცია ძალიან ცუდია... ტურისტულ ჯგუფებს გიდებთან ერთად ქუჩებში თითქმის ვერ შეხვდები“, – ამბობს ხასაია, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს ვითარება მალე შეიცვლება.

„მომსახურება საგრძნობლად გავაუმჯობესეთ. ტურები მაქსიმალურად კომფორტული და საინტერესო გავხადეთ, დავამატეთ ახალი მარშრუტები. იმედია, ამდენი ძალა ამ დარგში ტყუილუბრალოდ არ ჩავდე“, – აღნიშნა ხასაიამ.
ტურისტების გამო თუ სხვა მიზეზით – ბიუჯეტი ივსება
დარგის სრულად აღდგენის იმედი წელს არ უნდა გვქონდეს, ფიქრობს ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძე.

„ასეთი ოპტიმისტი არ ვიქნებოდი, მაგრამ, ამის მიუხედავად, პანდემიამდე არსებულ დონეს მივუახლოვდებით. მომავალ წელს სრულად გადავლახავთ იმ დონეს, რომელსაც 2019 წელს მივაღწიეთ“, – განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი COVID-19-მდე 10%-ს შეადგენდა, ხოლო მომიჯნავე მიმართულებების ჩათვლით, რომლებიც ტურისტული სექტორის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს – 15%-ს.
ამჟამად ტურიზმიდან შემოსავალი 2019 წლის დონის 70%-ს აღწევს. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 582,3 მლნ დოლარი მიიღო.
არჩვაძე, ისევე, როგორ ტურიზმის სფეროს მუშაკები, ყურადღებას ამახვილეს იმაზე, რომ ბოლო ორ-სამ თვეში ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში დიდი ხნით. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ქვეყანაში ტურისტების დარჩენის საშუალო სტატისტიკური პერიოდი 7-8 დღეა, ამ ნიშნით რუსებს ტურისტებს ვერ უწოდებ.
მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ქვეყანა იღებს შემოსავალს, იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელზე, ადგილობრივ პროდუქციაზე, საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე და ა.შ. ეს ყველაფერი ახალისებს ადგილობრივ წარმოებას და გავლენას ახდენს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე.
ტურისტები შავი ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
საქართველო WEF-ის მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44-ე ადგილზეა
რუსების ჩამოსვლას უკავშირებს ექსპერტი საქართველოში ფულადი გზავნილების მატებასაც. 2022 წლის აპრილში ქვეყანაში რუსეთიდან გადმოირიცხა 133 მლნ დოლარი – ოთხჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.
„ეს ჩვენი შრომითი მიგრანტების გზავნილები არ არის, მათი წილი მიზერულია. ესაა რუსეთის მოქალაქეების გზავნილები, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ... ესაა ე.წ. საქმიანი ტურიზმის ინტენსივობის გაზრდის შედეგი. საქმიანმა ტურიზმმა დროში და მოცულობით განსაზღვრა რეკრეაციული ტურიზმი. როგორ მოხერხდება მათი დონეებისა და მოცულობის გათანაბრება, დრო გვიჩვენებს“, – აღნიშნა არჩვაძემ.
ოპტიმიზმის გარეშე არაფერი გამოვა
ორ წელიწადში სასტუმროების, გესთჰაუზებისა და აპარტამენტების რაოდენობა ტურისტებისთვის აჭარაში, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში, 1,5-ჯერ გაიზრდება. ამაზე ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის წინ განაცხადა ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა პანდემიის ორწლიანი სტაგნაცია, მომავალს სკეპტიციზმით უყურებს. მაგალითად, სულიკო ბოლქვაძე, რომელსაც 20-ნომრიანი სასტუმრო აქვს ქობულეთში.
2020 წლამდე ბიზნესი ყვაოდა, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების ხარჯზე. ტურისტების დაახლოებით 70% რუსეთიდან იყო, 20% – ბელარუსიდან, დანარჩენი 10% – უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.

„პანდემიამდე ძალიან კარგად ვმუშაობდით. მაისიდან სექტემბრამდე სასტუმროები სრულად იყო დატვირთული“, – უყვება „Sputnik-საქართველოს“ ბოლქვაძე.

სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს. გაზაფხულზე, როდესაც შეზღუდვები დაიწყო, პირველ რიგში სასტუმროები დაიხურა. 2021 წელს ტურიზმი თანდათანობით გამოცოცხლდა. „ჩამოდიოდნენ მხოლოდ ადგილობრივი დამსვენებლები, მაგრამ სასაცილო რაოდენობა და სრულიად გადახდისუუნარო“, – ამბობს ბოლქვაძე.
ამ ზაფხულის პროგნოზს იგი ჯერ არ აკეთებს. დაჯავშნილი ნომრები არ არის, თუმცა ძველი დამსვენებლები რეკავენ და ჰპირდებიან ჩამოსვლას. ბევრს აწუხებს გაზრდილი ფასები.
შარშან ბოლქვაძე ოთახებს სიმბოლურ ფასად აქირავებდა – 10-15 ლარად. წელს ყველაზე მოკრძალებული ოთახის ფასი ერთი ადამიანისთვის 20 ლარიდან იწყება, სამჯერადი კვებით – 90-150 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძირითადად ძველი მდგმურები გვირეკავენ, გვეუბნებიან, რომ ჩამოვლენ, მაგრამ ჯერ თავადაც არ იციან. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო არცერთი არ ვართ დარწმუნებული ხვალინდელ დღეში“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

მისი თქმით, თუ სეზონი წელსაც ჩავარდება, ინდუსტრიის წარმომადგენლები მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ძველ კრედიტებს ახალი დაემატება და ბიზნესი დაიხურება.
ამასობაში ციფრები საპირისპიროზე მიუთითებენ. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს 1,2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 3,5-ჯერ მეტია გასული წლის მონაცემებზე. ხოლო თუ 2019 წელს შევადარებთ, მაჩვენებელი 39,5%-ით არის აღდგენილი.
თუ ზრდის ეს ტენდენცია გაგრძელდება, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები შვებით ამოისუნთქებენ.
რობინზონ ნაჭყებია
ყველა ახალი ამბავი
0