ოპოზიციას პარლამენტში „ჩახსნილი“ სიების აღდგენა სურს

© courtesy of Levan Bezhashviliლევან ბეჟაშვილი. წინასაარჩევნო აგიტაცია
ლევან ბეჟაშვილი. წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, ხოლო ახლა ამის გამოსწორება შეუძლებელია.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოში ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გაუქმებული პროპორციული სიების აღდგენა სურს და ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს.
აღნიშნული ინიციატივით „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე წარდგა, სადაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილებოდა.
უდუმაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ მის ადგილს ვერავინ ვეღარ დაიკავებს, რადგან 2020 წლის დეკემბერში ცესკომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სია მისივე თხოვნით გააუქმა.

„მესმის, რომ, ვითარებიდან გამომდინარე, მაშინდელი ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება სხვაგვარი იყო. ახლა პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ ჩვენვე ვაყენებთ ამ ინიციატივას და ვითხოვთ ადგილმონაცვლეების საკითხი განსაზღვრული იყოს... მემკვიდრეობის, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი დაცული რომ იყოს, რაც მთავარი პრინციპია საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის ინიციატივის პასუხად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ შეცდომა დაუშვა.
„სიები მათ ჩახსნეს, მათ დაუშვეს გამოუსწორებელი შეცდომა და ახლა ამბობენ, რომ იქნება დემოკრატიული, თუ მათ ამ შეცდომას, სისულელეს, რაც გააკეთეს, გამოვასწორებთ ჩვენ. მათი სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ!“ – განაცხადა მდინარაძემ.
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა >>
ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით არის წარმოდგენილი. დღეს პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატი დარჩა, მათგან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია.
ყველა ახალი ამბავი
0