„ქართული ოცნება“ ომბუდსმენის მიერ გვარამიას განაჩენის შეფასებით უკმაყოფილოა

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ლოგო
„ქართული ოცნების ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველმა მკვეთრად გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადება ოპოზიციური „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით პოლიტიკურია და არა სამართლებრივი, განაცხადა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
ომბუდსმენმა გააკეთა განცხადება, რომ სასამართლოს აღნიშნული განაჩენი წარმოადგენს „კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას“. ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, შეიწყალოს გვარამია, რომელსაც სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა.

„არ მგონია, რომ ეს რელევანტური იყოს, უფრო მეტად ასეთი სახის განცხადებები პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას... ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებას, ვიდრე სამართლებრივს, არადა, ამ საკითხს სამართლებრივი შეფასება სჭირდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.

რაც შეეხება შეწყალების საკითხს, დეპუტატის თქმით, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა.
„მკაფიო კრიტერიუმები არ არის, როდის უნდა შეიწყალოს და როდის არა (პრეზიდენტმა), პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რა მიზეზიც არის დასახელებული, რომ შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა უფრო დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები უნდა გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში.
ომბუდსმენმა საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა>>
თალაკვაძის თქმით, ლომჯარიას აქვს უფლება, მიმართოს პრეზიდენტს რეკომენდაციით, მაგრამ არსებობს გამოძიებით დადგენილი ფაქტები, რომლებიც განიხილა სასამართლომ და განაცხადა, რომ გვარამიამ კანონი დაარღვია.
„სინამდვილეში ის (გვარამია) არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გვარამიას მაღალი თანამდებობები ეკავა. მათ შორის, იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი, განათლების მინისტრი. ჟურნალისტიკას მან მას შემდეგ მიჰყო ხელი, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
სისხლის სამართლის საქმე ეხება ტელეარხ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდს, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მკვეთრად ოპოზიციური არხი გახდა. ტელეკომპანიაში გვარამიამ 2019 წლის ივლისამდე იმუშავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.
ელიტური ბინები და ავტომობილები: რაში დახარჯა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ფული - პროკურორი>>
უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი „არ იყო დროული".
მისი აზრით, განაჩენი შეიძლებოდა გადადებულიყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტმა თავი შეიკავა თავად სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა“ მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები წინა მფლობელმა – ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0