სამუშაო სოციალურად დაუცველთათვის - რამდენი დასაქმდა საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerმოხუცი უსახლკარო ქალი ეძებს საკვებსა და ღირებულ ნივთებს ნაგვის კონტეინერებში
მოხუცი უსახლკარო ქალი ეძებს საკვებსა და ღირებულ ნივთებს ნაგვის კონტეინერებში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შრომისუნარიან პირებს 18 წლის ასაკიდან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულები არ აღემატება 120 ათასს.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში სამუშაო მიიღო დაახლოებით 8,6 ათასმა ადამიანმა. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 2021-2022 წლების მოხსენებაშია ნათქვამი.

სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლიდან შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას.

ანგარიშის თანახმად, 1 მარტიდან 31 მაისამდე დასაქმებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რაოდენობამ 8.590-ს მიაღწია.

დასაქმების პროგრამა

პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 1 აპრილისთვის საქართველოში დარეგისტრირდა 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 19,6% იყო.
ყველა ახალი ამბავი
0