პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის დღე
პოლიციის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
დღეს, 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პოლიციელებზე დგას ქვეყნის წესრიგი, მოქალაქეების უსაფრთხოება და ქვეყნის სტაბილურობა.

„მინდა ყველას პირადად მოგილოცოთ თქვენი პროფესიის, პროფესიონალიზმის დღე, დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური, პროფესიონალური ძალა, რომელიც ნდობას იწვევს მოქალაქეებში და ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ გრძელდება აქტიური მუშაობა სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად.
„თითოეულ აქ მყოფ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. მადლობას გიხდით ღირსეული, მაღალპროფესიული და თავდაუზოგავი შრომისთვის“, – განაცხადა მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, საზეიმო ღონისძიებაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელია წარმოდგენილი, ხოლო მათი ათასობით კოლეგა ჩვეულებრივ განაგრძობს მოქალაქეების დაცვას.
„თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. ისინი ამ წუთებშიც განაგრძობენ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ებრძვიან დანაშაულს, აკონტროლებენ საზღვრებს, ებრძვიან ხანძრებს და ზრუნავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
შალვა პაპუაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა.

„თქვენ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპატიო მისია გაკისრიათ – ადამიანების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე ზრუნვა. ამ მისიას ყოველდღე მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულად ასრულებთ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები თავს დაცულად გრძნობენ“, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
„ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში": ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვირტუალური გამოფენა მოეწყო>>
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი.
ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0