საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები აპრილში გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 99 მლნ ლარით, ანუ 1,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2022 წლის აპრილის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 62,78 მლრდ ლარი, სააქციო კაპიტალმა კი 8,33 მლრდ ლარი შეადგინა.
აპრილის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ბანკებში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით, 37,23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 127,2 მლნ ლარით, ანუ 0,34%-ით ნაკლებია აპრილის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 132,1 მლნ ლარით, ანუ 0,34%-ით შემცირდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 259,3 მლნ ლარით, ანუ 1,19%-ით.
ინფლაცია საქართველოში: ექსპერტის პროგნოზი>>>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 40,52% შეადგინა, რაც 0,08 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 აპრილის მაჩვენებელზე.
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,52% შეადგინა, მათ შორის 10,76% – ლარიან დეპოზიტებზე, ხოლო 0,93% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
უცხოურ ვალუტაში მეტი სესხია გაცემული
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 165,12 მლნ ლარით, ანუ 0,38%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 43,15 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 226,58 მლნ ლარით, ანუ 1,06%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 391,7 მლნ ლარით, ანუ 1,79%-ით შემცირდა.
რა მოიგო და რა წააგო საბანკო სექტორმა?>>>
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილის ბოლოს კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გასცეს სესხები ეროვნულ ვალუტაში 6,57 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,2%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 13,55 მლრდ ლარი, რაც 1,1%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
2022 წლის აპრილში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,1%-ით, ანუ 22,12 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, 22,19 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 50,07 პროცენტი შეადგინა, რაც 0,71 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის 1 აპრილის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0