ინფლაცია საქართველოში: ექსპერტის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
მომდევნო წლებში ინფლაციის შემცირების მოლოდინი არ ღირს, ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების გაფართოება.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია შემოდგომისთვის ან წლის ბოლოსთვის შეიძლება 9%-მდე შემცირდეს, განაცხადა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში 12,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,4%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,5%), ჯანდაცვაზე (2,8%). აპრილში სურსათზე ფასების ზრდამ 21,3% შეადგინა.

„ზოგადად ითვლება, რომ ზაფხულში სურსათზე ფასები იკლებს, რადგანაც ადგილობრივი პროდუქცია შემოდის, რაც პოზიტიურად აისახება ფასებზე. არსებული პროგნოზით, შეიძლება ინფლაცია ოქტომბრისთვის ან წლის ბოლოსთვის 9%-მდე შემცირდეს. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული", – განაცხადა ცუცქირიძემ პრეს-კლუბ „კვირაში“.

უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ექსპერტისთვის რთულია საშუალოვადიანი პროგნოზის გაკეთება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა ინტენსივობა ექნება რუსეთ-უკრაინის ომს.
„ჩვენ ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა წლის დასაწყისში – თებერვალში იგი დაახლოებით 13,7% იყო. მარტში 11,8%-მდე შემცირდა, თუმცა აპრილში ისევ გაიზარდა – 12,8%-ია. ანალოგიური ტენდენციაა თითქმის მთელ მსოფლიოში: აზიაშიც, ევროპაშიც, აშშ-შიც და რეგიონის ქვეყნებშიც“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ცუცქირიძის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებში ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთში ეს ზრდა ბოლო პერიოდის მოვლენებს უკავშირდება. რეკორდი მოხსნა მეზობელმა თურქეთმაც – მარტში ინფლაცია 61% იყო, აპრილში კი თითქმის 70%.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, აშშ-სა და ევროპაში ასეთი მაღალი ინფლაცია – შესაბამისად, 8,5% და 7,8% ბოლო 40 წელია არ ყოფილა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება>>>
ცუცქირიძის თქმით, საქართველოში ინფლაციის ზრდაში დიდ როლს ასრულებს „იმპორტირებული ინფლაცია“. უფრო კონკრეტულად, ინფლაციის ზრდა ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ნეგატიურად აისახება შემოტანილი საქონლის ღირებულებაზე და, როგორც წესი, ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე.
„იმპორტირებული ინფლაციის“ შემცირება შესაძლებელია იმპორტჩანაცვლებით, მთავრობამ ამ კუთხით უნდა გააგრძელოს მუშაობა, დასძინა მან.
ინფლაციის შემაკავებელ ფაქტორად ცუცქირიძემ რეფინანსირების განაკვეთი დაასახელა.
11 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების (11%) გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებლის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრების ტენდენციას შეინარჩუნებს მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.
2020 წლის აგვისტოში რეფინანსირების განაკვეთი 8% იყო, თუმცა 2021 წლის მარტიდან ზრდა დაიწყო.

„ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ანალოგიურად მოიქცნენ ევროპის ცენტრალური ბანკი და აშშ-ის ფედერალური ბანკიც. იქ რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმზეა – 2%, ისევე, როგორც ინფლაცია“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ცუცქირიძის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია. გარდა ამისა, მთავრობის მნიშვნელოვან ნაბიჯად ექსპერტი მიიჩნევს საწვავის ბაზრის კვლევას უფრო დაბალ ფასებში მისი ხელმისაწვდომობის მიზნით.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მომდევნო წლებში ინფლაციის შემცირების მოლოდინი არ ღირს, ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების გაფართოება.
ყველა ახალი ამბავი
0