საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2022
გამოწერა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა. როგორც მაკრონის წერილშია აღნიშნული, ის ქართველ ხალხს ბედნიერებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ და ქართველ ხალხს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს... 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მსურს კიდევ ერთხელ ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნულია მაკრონის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და აღნიშნავს, რომ ორ სახელმწიფოს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.
„ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებს და ხალხებს შორის ათასწლოვანი წარსულით და, რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემის ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია“, – ნათქვამია წერილში.
როგორც ისააკ ჰეცოგი აღნიშნავს, საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები აკავშირებს.

„ვლოცულობ, რომ ჩვენი საერთო გზა გაგრძელდება, განვითარდება და წარმატებული იქნება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც შექმნის მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას გადაგვიხდიან“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა მივულოცო ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა - თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის წერილში.

26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ყველა ახალი ამბავი
0