წულუკიანი: ოპოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს უშლის

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2022
გამოწერა
ოპოზიციას ვიწროპარტიული ინტერესები სახელმწიფო მიზნებში ერევა, აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ცდილობს დღევანდელ ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მაქსიმალური სირთულეები შეუქმნას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. ამ ფონზე მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესებს შეგნებულად აზიანებს.

„ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე რაც შეიძლება მეტი სირთულე ჰქონდეთ. მათ ვიწროპარტიული ინტერესები სახელმწიფო მიზნებში ერევათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გასულ კვირაში ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში, ბერლინსა და ტალინში შეხვედრები გამართა. რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ მათ ქვეყნის მხარდასაჭერად იმუშავეს. შედეგად – ამ შეხვედრების შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთეს.
მიუხედავად მტრულად განწყობილი ძალების ძალისხმევისა, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს, განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება>>>
„მათ რამდენიც არ უნდა იარონ ბნელ დერეფნებში, როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს დისკრედიტაციას, რათა ქვეყანამ არ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც საქართველოს ისტორიულადაც და დემოკრატიული განვითარების კუთხითაც, ცხადია, ეკუთვნის, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი შიდა ძალები თავისას ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანა. განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0