თბილისში ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა გაიზრდება: კალაძის ინიციატივა

© Pixabay / radex118ხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
გამოწერა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საკანონმდებლო ცვლილებას დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტს წარუდგენს.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. თბილისში ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 5.000 ლარამდე გაიზრდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

„დაწმუნებული ვართ, პარლამენტის მხარდაჭერით არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას შევძლებთ. უკანონო ჭრებისთვის ჯარიმა 5.000 ლარამდე გაიზრდება. ხოლო აღნიშული ქმედების გამეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 10.000 ლარი იქნება. ამასთან, გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, იმ ადგილებზე, სადაც მწვანე ნარგავს უკანონოდ მოჭრიან, შენობის განთავსება აიკრძალება, ხოლო მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.
„გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს წინასწარ ჭრიან ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ გაიცემა ნებართვა და პირებს არ მიეცემათ მშენებლობის უფლება იქ, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
„მწვანე ქალაქი" – რას გეგმავს თბილისის მერია>>
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ექსპერტი არასწორ დასკვნას წარადგენს, იგი დაჯარიმდება, ხოლო გამეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში მას სრულად შეუჩერდება საქმიანობა და მისი გაგრძელების ყველანაირი შესაძლებლობა ჩამოერთმევა.

„ის (ექსპერტი) ვერასდროს ვერ დაუბრუნდება ამ საქმიანობას. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჯანსაღ ხე-მცენარეებზე იწერება საექსპერტო დასკვნები, თითქოს ეს ხე-მცენარეები მოსაჭრელია და ცუდ მდგომარეობაშია, რეალურად კი ეს ასე არ არის. ამ მიმართულებით მიდგომებს ვამკაცრებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული რეგულაციების დროულად ასამოქმედებლად კახა კალაძემ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაავალა, საკანონმდებლო ცვლილება დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტს წარუდგინოს.
კალაძე: რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა>>
ამ დროისათვის საქართველოში უკანონო ჭრებისთვის ჯარიმა 500 ლარს, ხოლო ქმედების გამეორებით ჩადენის შემთხვევაში 1.000 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0