კალაძე: რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

© photo: Sputnikბაღის მოვლა
ბაღის მოვლა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისს აქვს ძალიან დიდი რესურსი ამ მიმართულებით და მომდევნო წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი პარკებისა და სკვერების განახლება-რეაბილიტაცია იქნება, აღნიშნა კალაძემ.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. მომდევნო წლიდან ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებას დაეთმობა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერმა 2017 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებსა და მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მომდევნო წლებშიც მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„ყველა რაიონში, უბანში, სადაც შესაძლებელია პროექტების განხორციელება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეიქმნას მწვანე სივრცეები. გარდა ამისა, 15 დიდი პარკის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი. აქედან 9 ახალი პარკი იქნება და საკმაოდ გალამაზდება ჩვენი ქალაქი. ისე არაფერი უხდება ამ ქალაქს, როგორც გამწვანება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე უკვე განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტზე ისაუბრა, კერძოდ, ისნის რაიონში არტურ ლაისტის ქუჩაზე მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეზე. ლაისტის ქუჩაზე მოეწყო სკვერი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი, ველობილიკი და ორი საბავშვო მოედანი. ადგილზე ასევე მოეწყო ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე, ფანჩატური, დასასვენებელი სივრცე, დაირგო ახალი ხეები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა ლედ-განათება. კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ყველა ახალი ამბავი
0