რატომ არის საქართველოში ძვირი საწვავი - ხელისუფლება მიზეზებს ადგენს

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2022
გამოწერა
მთავრობის ამოცანაა, ბაზარზე გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს პირობებში მოსახლეობას მიაწოდოს მაქსიმალურად იაფი საწვავი, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველო განიხილავს საავტომობილო საწვავის იაფი წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობას, ასევე მარჟის მინიმუმამდე დაყვანას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ბოლო პერიოდში მთავრობის ეკონომიკური საბჭო ქვეყანაში საწვავის მკვეთრი გაძვირების მიზეზებს ადგენს. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების, ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მონაწილეობით უკვე გაიმართა მოლაპარაკებები მცირე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან და იმპორტიორებთან.

„მსოფლიოში ფასები საწვავზე არის ძალიან მაღალი და გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ ასცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში საწვავის გაძვირების ძირითადი მიზეზი გლობალური გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომელიც საქართველოზეც აისახება. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, ბაზარზე ღია და კონკურენტული გარემოს პირობებში მოსახლეობას მიაწოდოს მაქსიმალურად იაფი საწვავი.
„ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან გამოთქმული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უკვე წარუდგინა მთავრობას საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარი–აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომლის მიხედვითაც მსხვილ კომპანიებს, რომლებიც საცალო ბაზრის 60%-ს ფლობენ, ამ პერიოდში საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ. მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს.
რატომ არ გაიაფდა საწვავი საქართველოში: კონკურენციის სააგენტო მიზეზებს არკვევს >>
„იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება გამჭვირვალე და კონკურენტული გარემო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში გაგრძელდება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0