სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მეტი უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა - ხუნდაძე

© photo: Sputnik / Stringerსასამართლო პროცესი სააკაშვილის საქმეზე
სასამართლო პროცესი სააკაშვილის საქმეზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
დეპუტატმა შეაფასა ხელისუფლებისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა დამოკიდებულება პატიმარი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის მიმართ.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკეთესი იქნება, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო მეტს ილაპარაკებენ ექიმები, ვიდრე პოლიტიკოსები, განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილს 10 მაისს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა, სადაც მას გამოკვლევებს ჩაუტარებენ და, საჭიროების შემთხვევაში, უმკურნალებენ. სააკაშვილი ამას დათანხმდა, თუმცა გარკვეული პირობებით.
„მკურნალობის რა პრინციპი და რა მისამართი უნდა იყოს არჩეული, ეს არის ექიმების დასადგენი იმ ანალიზების საფუძველზე, რაც გაკეთდება კლინიკაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებენ კონკრეტულ ჯანმრთელობის პრობლემებზე პოლიტიკოსები და მეტს ისაუბრებენ ექიმები, პაციენტისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის მხრიდან ულტიმატუმები გასაკვირი არაა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუნდაც მისი ცილის დეფიციტის შესაძლო დაშვებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჭარბი ვიზიტორები პაციენტისთვის არ არის სასურველი. ამიტომ დავუჯეროთ ექიმებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა გადავიდეს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის, მაგრამ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, მასთან უნდა შეუშვან ოჯახის წევრები და პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, ასევე ექიმები ალტერნატიული ცენტრი „ემპათიიდან“.
სააკაშვილი თანახმაა გადავიდეს სამოქალაქო კლინიკაში: ექს-პრეზიდენტის პირობები>>
გარდა ამისა, სააკაშვილთან სამუშაო საათებში უნდა დაუშვან კანონით განსაზღვრული პირები – ადვოკატები და პარლამენტის წევრები.
რაც შეეხება კვლევების პასუხებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობის შემდგომ ეტაპებს თუ გამოჯანმრთელების ფაქტს, ის განისაზღვრება პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრ „ემპათიის” ჩართულობით და, მათი თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.
თვითდაზიანება სააკაშვილს ციხისგან ვერ იხსნის - ირაკლი კობახიძე>>
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი აცხადებენ. რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
ყველა ახალი ამბავი
0