უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო უწყებაში გამოიძახეს

© photo: Sputnik / Stringerტრიბუნა საქართველოს საგარეო უწყებაში
ტრიბუნა საქართველოს საგარეო უწყებაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
კასიანოვმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებში რეზოლუციის მხარდაჭერისა და განცხადებებისთვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეებში დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვისგან განმარტებები მოითხოვა ქართული მხარის მიმართ მორიგი ბრალდებების გამო, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, სასანქციო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ ქვეყნების პროდუქციის სახით საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტისთვის. ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე შეიქმნა 200-ზე მეტი კომპანია.

„შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი დიპლომატისგან მოითხოვა დროული ფაქტობრივი განმარტებები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციასთან დაკავშირებით და მტკიცებულებების წარმოდგენა.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებების წარმოდგენა წინა ბრალდებებთან დაკავშირებითაც, რომლებიც 5 აპრილს გახდა ცნობილი.
„პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება“ - ღარიბაშვილი არესტოვიჩის შესახებ>>
უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მას არ აქვს პასუხი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ბოლო ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ამ განცხადებას კიევს გადასცემს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. კასიანოვმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო არენაზე ქვეყნის მხარდაჭერისა და ჰუმანტარული დახმარებისთვის.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად ამის საფუძველი გახდა საქართველოს უარი, შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველეყო მოხალისეების ორგანიზებული წასვლა უკრაინაში.
ილია დარჩიაშვილმა არესტოვიჩის მორიგ განცხადებას გაუგებარი და დამაზიანებელი უწოდა>>
უფრო ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბრალდებას „დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს. საქართველო განაგრძობს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ, ამავე დროს, უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა (24 თებერვალს), დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ყველა ახალი ამბავი
0