ბიოლაბორატორიები უკრაინაში - რა არის ამჟამად ცნობილი მათ შესახებ?
22:18 26.04.2022 (განახლებულია: 23:52 26.04.2022)
© AP Photo / Nariman El-Mofty
© AP Photo / Nariman El-Mofty
გამოწერა
ივან ზუევი
გასული თვის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ათობით დოკუმენტი, რომელიც ასახავს უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობისა და მათი ამერიკელი მფარველების შესახებ დეტალებს.
რა აღმოაჩინა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ?
უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული წელია ფუნქციონირებს 30-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და განვითარებაზე კვლევებს ატარებენ. ამას მოწმობს დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მოხვდა და რომლის შესწავლაც 31 მარტს დაიწყო უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ.
ლაბორატორიების ქსელში მთავარი ობიექტია უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი (UNTC), რომელიც დაარსდა 1993 წელს. მთელი ამ წლების განმავლობაში ის მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და პენტაგონთან.
STCU-ის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ბიოლაბორატორიები ფრინველის გრიპის, ჭირის, ღორის ჭირის, ჯილეხის, ქოლერის, ტულარემიის, ბრუცელოზის, ყირიმის კონგოს ცხელების, ჰანტავირუსების, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის ვირუსისა და ლეპტოსპიროზის პათოგენებს იკვლევდნენ.
ცდები უკრაინელ სამხედრო პერსონალზე, სამოქალაქო მოსახლეობაზე, მათ შორის ქალებზე და ასევე ხარკოვის მახლობლად, მერეფაში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებზე ტარდებოდა.
პარალელურად შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა საბრძოლო პათოგენების ბრძოლის ველზე გატანის ტექნიკური საშუალებების შესაქმნელად.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს აქვს მონაცემები, რომ რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინიდან ოდესის გავლით გაიტანეს ბიოლოგიური მასალის დიდი პარტიები, რათა საშიში პათოგენებით ბიოიარაღზე მუშაობის კვალი დაემალათ.
აშშ-ის ოფიციალური პოზიცია
თავდაპირველად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კატეგორიულად უარყო მთავრობის რაიმე მონაწილეობა უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობაში.
„აშშ-ის მთავრობას არ აქვს და ის არ მართავს ბიოლოგიურ ლაბორატორიებს უკრაინაში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა მარტში.
თუმცა დასავლურ მედიას ამ ამბისთვის ყურადღების მიქცევა მოუწია მას შემდეგ, რაც New York Post-მა და Daily Mail-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი რუსეთის საზღვართან ახალი ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობას ლობირებდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ბოლოს შეასწორა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია.
„უკრაინაში არის ბიოლოგიური კვლევის ობიექტები, – თქვა მან. — ჩვენ ახლა ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ რუსი სამხედროები შესაძლოა ცდილობდნენ მათზე კონტროლის აღებას“.
ბიოლაბორატორიების მუშაობაში აშშ-ის ჩართულობის მტკიცებულება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის ბიოლაბორატორიებში საბრძოლო პათოგენების შემუშავებას ხელმძღვანელობდნენ პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამაზე მიუთითებს DTRA-ს (აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის სტრუქტურა) წარმომადგენლის საქმიანი მიმოწერა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრთან, ასევე პენტაგონის კომერციული კონტრაქტორების Metabiota-სა და Black & Veatch-ის თანამშრომლებს შორის მიმოწერა სახელმწიფო დეპარტამენტთან და უკრაინელ სპეციალისტებთან, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელშია.
კიევის მახლობლად მდებარე ხუთ ბიოლაბორატორიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღმოაჩინა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს 24 თებერვლით დათარიღებული ბრძანებები საშიში ვირუსების შტამების სასწრაფო განადგურების შესახებ. ნაპოვნია დოკუმენტაცია ყველაზე საშიში პათოგენებით ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ და თანმხლები დოკუმენტები ვირუსების კოლექციისა და კვლევის შედეგების შეერთებულ შტატებში სასწრაფო ექსპორტის თაობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის ლორა დანლინგერის ანალიტიკური ჩანაწერი „უკრაინელი ექსპერტების აშშ-ის ოპონენტების მხარეზე გადასვლის რისკების შემცირება“ (დოკუმენტი ასევე გამოაქვეყნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ) პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ბიოლოგიური ლაბორატორიების თანამშრომლები იცნობდნენ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ტექნოლოგიებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლაბორატორიების ექსპერტები „არახელსაყრელ პროფესიულ და ფინანსურ ვითარებაში" აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინა დატოვეს რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებისას. ამავდროულად შენიშვნაში მითითებულია მათი სავარაუდო რაოდენობა. ეს 1000-დან 4000-მდე ადამიანია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა არაერთი დოკუმენტი უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის შესახებ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:
უკრაინული ქარხანა „მოტორ სიჩის“ მოთხოვნა თვითმფრინავების თურქული მწარმოებლის „ბაირხტარისადმი“ თხოვნით – საფრენი აპარატების აეროზოლების გასაფრქვევი 20-ლიტრიანი მექანიზმებით აღჭურვის შესახებ;
პატენტების ნაკრები ჭურვების წარმოებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ბიოლოგიური იარაღის მიწოდება;
ბიოლოგიური იარაღის მიწოდებისთვის დრონებისა და ჭურვების შექმნის პატენტები;
პატენტი უპილოტო საფრენი აპარატის გამოგონებაზე მწერების გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელებისთვის;
პატენტები ღრუ საბრძოლო მასალებზე.
საიდან გაჩნდა ეგზოტიკური დაავადებები ლვოვის რეგიონში
უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, არის UP-8 პროექტი – ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების (CCHF) ანტისხეულების შესწავლა.
UP-8-ის ფარგლებში 966 ადამიანს, მათ შორის 611 ქალს ჩაუტარდა ტესტირება ყირიმ-კონგოს ცხელების ანტისხეულებზე. ისინი რეალურად აღმოაჩინეს 1,7%-ში, თუმცა მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან ლვოვის რეგიონში ამ დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა.
პროექტზე მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით 2020 წლის ბოლოს სამეცნიერო გამოცემა Frontiers Media SA-მ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებისა და საპარლამენტო კომისიის ყურადღება მიიპყრო.
მოსახლეობაში ანტისხეულების მაჩვენებელი, რომლებიც სტატიაში იყო მოყვანილი, შეიძლება მიუთითებდეს დაავადების გავრცელებაზე იმ მხარეში, სადაც კვლევა ჩატარდა, ამბობს ალექსეი ანპილოგოვი, სამეცნიერო კვლევისა და სამოქალაქო ინიციატივების განვითარების მხარდაჭერის ფონდის პრეზიდენტი.
ექსპერტის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს ბიოლოგიური ლაბორატორიიდან გაჟონვა, რაიმე სახის სამეცნიერო ექსპერიმენტი, თუ დაქირავებულებმა თუ უკრაინელმა სამშვიდობოებმა, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, შემთხვევით გამოიტანეს ცხელება ენდემური რეგიონებიდან.
„ეს არის ძალიან უცნაური კვლევა. შემოთავაზებული კვლევის დიზაინი არის CCHF-ის ან ვირუსების გამომწვევი ანტისხეულების გამოვლენის მცდელობა, რომლებიც იწვევენ HFRS (ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით). ანტისხეულების არსებობა მიუთითებს CCHF-თან ან ჰანტავირუსებთან ცალსახა კონტაქტზე. ოთხ რეგიონში სამხედრო მოსამსახურეებისგან 100-1000 სინჯის აღება იგეგმებოდა. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც აღწერილია თავად სტატიაში: სამხედრო პერსონალის შესახებ გამოცხადებული კვლევის ნაცვლად, აქცენტი გაკეთდა კვლევის ჩატარებაზე სამოქალაქო პირებზე, უფრო მეტიც, ქალების მიმართ აშკარა უპირატესობით“, — განმარტავს ალექსეი ანპილოგოვი.
ამასთან ის აღნიშნავს, რომ საუბარია მაღალპათოგენურ გამავრცელებელზე, რომლის სიკვდილიანობა 15 პროცენტია.
CCHF-ის ანტისხეულების შესწავლა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაკვეთით, Black & Veatch Special Projects Corp-ისა და Metabiota, Inc-ის საერთაშორისო კამპანიებთან აქტიური თანამშრომლობითა და აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდებოდა. ამის შესახებ პირდაპირაა ნათქვამი პორტალ Frontiers Media-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
კვლევის დასრულებიდან მალევე და Frontiers-ზე პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ Black & Veatch Special Projects Corp-ის თანამშრომელი ოლენა ნესტეროვა უკრაინის სამოქალაქო ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში — თანაც ყოველგვარი სამეცნიერო ხარისხის გარეშე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე